ახალი ამბები

”ჯორჯიან ეარვეისმა” რუსეთს ძველი დავალიანება გადაუხადა

ავიაკომპანია ”ჯორჯიან ეარვეისმა” რუსულ მხარეს 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დავალიანება გადაუხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიას ვალი არ ემართა.


კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ნაბიჯი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გადაიდგა.


”ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის და თავად კომპანიისთვის ამ რეისის აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს და მივიღეთ გადაწყვეტილება ვალის ნაწილის გადახდის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი ვალი არ გაგვაჩნია”, – განუცხადა Civil.Ge-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.


ჯერ-ჯერობით უცნობია ავიარეისების აღდგენის თარიღი.


ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ცოტა ხნის წინ მოსკოვში ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის მიხედვითაც თბილისმა აიღო იმ ავიაკომპანიების მიერ დაგროვილი ვალის გადახდის ვალდებულება, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში ფუნქციონირებდნენ, თუმცა შემდეგ გაკოტრდნენ. რუსული მხარის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც ქართული მხარე ვალს დაფარავს. გავრცელებული ინფორმაციით, ვალი 3 მილიონ დოლარს შეადგენს; 27 თებერვალს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ თანხას ორი კომპანია ”ჯორჯია ეარვეისი” და ”საქართველოს ნაციონალური ავიახაზები” დაფარავენ.

Back to top button