ახალი ამბები

ხუთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შიმშილობის აქციას იწყებს

სამმა დეპუტატმა და კიდევ ორმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ისინი შიმშილობის აქციას იწყებენ, რომელიც მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან განაცხადა 9 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომ ის და დანარჩენი ოთხი მოშიმშილე პოლიტიკოსი მოითხოვენ: ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს; თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის პირობების შექმნას და ყველა იმ პირის გათავისუფლებას, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენებთან დააკაშვირებით დააპატიმრეს. ოპოზიციის თქმით, აქამდე მხოლოდ რვა ადამიანი გაათავისუფლეს.


ძიძიგურთან ერთად ასევე შიმშილობენ დეპუტატი გია თორთლაძე მოძრაობა ერთიანი საქართველოდან, დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე კონსერვატიული პარტიიდან, კობა დავითაშვილი ხალხის პარტიიდან და ირაკლი მელაშვილი ეროვნული ფორუმიდან.


ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია დაიწყებს მოხალისეთა რეგისტრაციას, რომელთაც სურთ შეუერთდნენ შიმშილობის აქციას.


მან 11 მარტს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა მხარდამჭერებს. სწორედ ამ დღეს გეგმავს პარლამენტი მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენის გამართვას.


9 მარტს პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეთა რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო ოპოზიციის წინა აქციებთან შედარებით.

Back to top button