ახალი ამბები

სააკაშვილი ერთიანობისაკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას ითანამშრომლონ მასთან ”უკიდურესად პროვოკაციული და საშიში ნაბიჯის” საპასუხოდ, რომელიც რუსეთმა აფხაზეთისთვის სანქციების მოხსნით გადადგა.


ქვემოთ მოცემულია სააკაშვილის განცხადების ნაწილი, რომელიც მან აფხაზური მხარის მიერ გათავისუფლებული ქართველების ღირსების ორდენებით დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა:


”ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსთვის. რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გადადგა უკიდურესად პროვოკაციული და საშიში ნაბიჯი მიმართული სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ.


ეს არის ძალიან საშიში ნაბიჯი და ჩვენ ვიმყოფებით ძალიან საპასუხისმგებლო მომენტში. საქართველოს უნდა იყოს მშვიდი, უნდა იყოს პასუხი სიძლიერის და თავის თავში დაჯერების, მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული ერის.


და ამ დროს პასუხისმგებლობის თავის წილი უნდა აიღონ ჟურნალისტებმაც, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც, პოლიციელებმაც, პრეზიდენტმაც, მთავრობამაც და ოპოზიციამაც.


ეს არის ის მომენტი, როცა ყველა სხვა რაღაცა უნდა გადადიოდეს უკანა პლანზე.


მე მინდა ვუთხრა ყველას: ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, ჩვენ მომზადებული ვართ იმისთვის, რომ არ დავუშვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ საქართველოს ჩათრევა რაიმე სახის მასშტაბურ კონფლიქტში. ეს არის ძალიან პრინციპული.


საქართველოს არ სურს ომი, საქართველოს არ სურს ძალადობა.


მეორეს მხრივ, მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა მთავრობა და ოპოზიცია უნდა დასხდნენ ერთად და განიხილონ ყველა საკითხი დაკავშირებული ჩვენ პასუხთან აფხაზეთთან მიმართებაში, რუსეთის ამ ნაბიჯებთან მიმართებაში.


ჩვენ, როგორც არასდროს უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა და რომ არსებობს ფასეულობები, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური მოსაზრებები. მე მინდა ვუთხრა ოპოზიციას:” ჩვენ ბევრ რაღაცაში უნდა ვკამათობდეთ – ოპოზიცია მნიშვნელოვანი ნაწილია დემოკრატიული მექანიზმის – უმეტეს შემთხვევაში შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც არ შეიძლება, რომ არ ვთანხმდებოდეთ. 


მე მინდა მოვუწოდო მათ დასხდნენ ჩემთან ერთად, ჩვენთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან ერთად და გამოვიმუშავოთ ჩვენი ერთობლივი პასუხი, ჩვენი ერთობლივი პოზიცია რუსეთის ამ პროვოკაციულ, საშიშ ქმედებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი, ეს იქნება მოულოდნელი ჩვენი მოწინააღმდეგისათვის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და ეს იქნება დემონსტრაცია ქართველი ერის პოლიტიკური სიმწიფის, ერთიანობის მთავარი გამოწვევის წინაშე. საქართველო არის დაუმარცხებელი, როდესაც არის ერთიანი მთავარ საკითხებზე”.

Back to top button