ახალი ამბები

რუსეთის ელჩი თბილისს აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ურჩევს

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ მოუწოდა საქართველოს მიბაძოს რუსეთს და მოხსნას აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.  
 
”სიტუაცია ჩიხში შევიდა და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავალის მოძებნა. და როგორც მე წარმომიდგენია, ამასთან დაკავშირებით ძალიან საჭიროა და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ქართულმა მხარემ თავის მხრივ მოხსნას სანქციები აფხაზეთთან მიმართებაში,” – განაცხადა კოვალენკომ 7 მარტს. ”საქართველოს მხარეს რომ აეტაცებინა რუსული მხარის ეს კეთილი მისწრაფება, ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი და ღირებული, პოზიტიური სიგნალი აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის შესაძლო დიალოგის დაწყებისთვის”


მან ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა რუსეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.

”თუ მათ [რუსულ მხარეს] ამ საკითხზე კონსულტაციები უნდოდათ და რჩევის მოცემა უნდოდათ, ეს უნდა გაეკეთებინათ 6 მარტამდე, როდესაც ერთმხრივად გამოვიდნენ ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებიდან, რომელიც დსთ-ს ფარგლებში არსებობს,”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ ელჩთან შეხვედრის შემდეგ.


საქართველოს საგარეო უწყებამ 7 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 1996 წლის შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე კრძალავს აფხაზეთთან იარაღით ვაჭრობას. ”აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამოსვლით რუსეთი იხსნის ვალდებულებას, არ დაუშვას აფხაზური მხარისთვის ყველა სახის შეიარაღების, შესაბამისი ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების, საომარი მასალების, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობის მიყიდვა და მიწოდება (პუნქტი 3); ასევე – აღკვეთოს საკუთარი მოქალაქეების დაქირავება და მათი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში იქ მოქმედ ნებისმიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისათვის (პუნქტი 5 ა),” – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

Back to top button