პრეზიდენტმა სოხუმის მიერ გათავისუფლებული ჟურნალისტი მოინახულა
პრეზიდენტი სააკაშვილი ზუგდიდში, ოჯახში ესტუმრა აფხაზეთში 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გათავისუფლებულ ჟურნალისტს მალხაზ ბასილაიას, რომელსაც ”ღირსეული” საქციელი შეუქო და პირობა დადო, რომ აფხაზური მხარე პასუხს აგებს მომხდარის გამო.
ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია, საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – დავით წოწორიასთან და მაია დანელიასთან ერთად გალის რაიონში 26 თებერვალს დააპატიმრეს. დანელია 1 მარტს გაათავისუფლეს. წოწორია და ბასილაია კი, მიუხედავად ”საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” წაყენებული ბრალისა, დღეს გაათავისუფლეს.
”ეს არის სირცხვილი, რომ ვიღაცამ გაავლო რაღაცა ხაზი ენგურზე. ჩვენი ხაზი სადაც გადის ყველამ კარგად ვიცით და ამისთანა ბიჭებით მივალთ ბოლომდე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”მე მინდა უბრალოდ მათ [აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ] იცოდნენ: ერთხელ სტუდენტები აიყვანეს, შერჩათ, ნუ გამოუშვეს; მეორედ ეს ჩვენი ბიჭები წაიყვანეს და მესამე აღარ იქნება. აღარავის ჩვენ ასე საქართველოში აღარ გავაჭაჭანებთ. ესენი არიან თვითმარქვიები, ამათ არ აქვთ არანაირი კანონიერი საფუძველი ამის კეთების და ესენი პასუხს აგებენ თუნდაც უკანონო დაპატიმრებაზე ამ ჩვენი ბიჭების. იმიტომ, რომ ეს, რაც მათ ჩაიდინეს, მათი რამდენიმე დღით იქ ყოფნა, ეს იყო დანაშაული და დანაშაულზე უნდა აგონ ბოლოს პასუხი. და მე გაძლევთ პირობას ყველას, რომ ამ დანაშაულზეც ვაგებინებ პასუხს ყველა სხვა დანაშაულებთან ერთად”.
”ეს ბიჭები მოიქცნენ მართლა ძალიან ღირსეულად. მაგათ რა უნდოდათ, ამ ბანდიტებს, რომ ამათ დაეწერათ, რომ ბოდიში, მეტს აღარ ვიზამთ, დავაშავეთ, მართალი ხართ და დაფიქსირებულიყო, რომ ეს არის რაღაც სახელმწიფო საზღვარი,”- აღნიშნა სააკაშვილმა, ”ამათ აჩვენეს ქართველი ადამიანის ღირსება და სიძლიერე და ის, რომ მაგათ სჯობნიან ათი თავით”.
ამის შემდეგ საუბარში მალხაზ ბასილაია ჩაერთო და პრეზიდენტს განუცხადა: ”ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რომ მართლა ეშინიათ აფხაზებს თქვენი. როგორც კი გამოხვიდოდით და სატელევიზიო მიმართვა გექნებოდათ, ეგრევე ჩვენთან შემორბოდნენ და აი იცით თქვენი პრეზიდენტი გამოვიდა ახლა და ასეთი რაღაცეები. მაგრამ ბოლოს მაინც მივაწერე ციხის კარებთან, რომ ”ჩვენ დავბრუნდებით მალე; მიშა მაგარია!”
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზური მხარის მიერ გათავისუფლებულები 7 მარტს თბილისში მოიწვია.
ჟურნალისტისა და მასთან ერთად დაკავებულის გათავისუფლებაზე შედარებით ზომიერი კომენტარი გააკეთა ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა ის წვლილი, რომელიც აფხაზმა ჟურნალისტებმა შეიტანეს ქართველი კოლეგის გათავისუფლების საქმეში.
” სასურველი იყო, რა თქმა უნდა, რომ ეს ინციდენტი არ მომხდარიყო, მაგრამ რაკიღა გათავისუფლება ხდება ეს მისასალმებელია,”- განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს, ”მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჟურნალისტებს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ თქვენმა დიდმა სოლიდარობამ, რომელსაც თქვენდა და ჩემდა სასიხარულოდ აფხაზი ჟურნალისტებიც შემოუერთდნენ, ძალიან დიდი როლი ითამაშა და ამ ტიპის სოლიდარობა ყოველთვის გამოიწვევს დადებით შედეგებს. იმისდა მიუხედავად პოლიტიკური რა კონიუქტურაა, ჟურნალისტი უნდა იცავდეს იმას, რაც არის სწორი და ეს ამ შემთხვევაში აფხაზმა ჟურნალისტებმა თქვენთან ერთად კარგად გააკეთეს. მე ამას მივესალმები და იმედი მინდა ვიქონიო, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ იქნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)