ახალი ამბები

საქართველო აფხაზეთის ინფრასტრუქტურის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყენების წინააღმდეგია

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას თბილისთან შეთანხმების გარეშე განიხილავს როგორც ანექსიას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.


”მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ რუს კოლეგებს ეყოფათ პოლიტიკური გონიერება იმისთვის, რომ არ გადადგან ასეთი ნაბიჯი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე,” – განუცხადა ამჟამად ბრიუსელში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს 5 მარტს.


რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იური ლევიტინმა 5 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გამოყენება 2014 წლის ზამთრის თამაშებისთვის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის ფარგლებში ბევრ იმ პრობლემას მოხსნიდა, რომელიც შეიძლება მომავალში წამოიჭრას. ”ახლა, საკითხების  პოლიტიკურად მოუგვარებლობის გამო, სხვა აეროპორტების გამოყენება გვიწევს,” – განაცხადა მან. 


”მე მინდა დავაწყნარო რუსეთის სათათბიროს დეპუტატები – იმ დროისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს დაეხმაროს ოლიმპიადის ჩატარებაში და სოხუმის აეროპორტის გამოყენებაში. ამჟამად ლაპარაკი სხვის ტერიტორიაზე სეპარატისტულ ხელისუფლებასთან არის რუსული ოფიციალური პოლიტიკის საწინააღმდეგო და მათი დისკრეტიდაცია,” – განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს” 5 მარტს. 


სოჭის ოლიმპიადაში აფხაზეთის შესაძლო როლზე განსხვავებული მინიშნებები გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში. ადრე მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ ოლიმპიადის ჩატარება წარმოუდგენელია ისეთი ”კეთილი მეზობლის” მონაწილეობის გარეშე, როგორიც აფხაზეთია.

Back to top button