ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობას ხალხთან მუდმივი კონტაქტისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლებს ხალხთან მუდმივი კონტაქტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ხელისუფლება მას სამართლიანად ეპყრობა და თანაბარ პირობებში აყენებს. 


პრეზიდენტმა ამის შესახებ დღეს ქუთაისში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც მინისტრები, გენერალური პროკურორი, გუბერნატორები, რაიონების გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. სააკაშვილის გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცა.


”ჩვენ ვქმნით არაფორმალურად სახელმწიფო საბჭოს და ყოველ თვე ჩვენ გვექნება შეხვედრები ყველა თქვენგანთან იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი იყოს მუდმივ კონტაქტში და პულსზე ედოს ხელი ყველა რაიონის პრობლემასთან და ყველამ ერთად ვიმუშაოთ საქართველოს სიღარიბის გარეშე პრობლემაზე და ყველამ ერთად ვიმუშაოთ ქართული სოფლის აღორძინების პროგრამაზე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


სააკაშვილის თქმით, მას სურს სოფლების განვითარების თაობაზე თავისი წინასაარჩევნო დანაპირების შესრულება გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარიდან დაიწყოს. ეს სოფელი ცოტა ხნის წინ ხელისუფლების PR კამპანიის ცენტრში მოექცა. ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ამ სოფელს ოფიციალური სტატუსიც კი არ გააჩნია. ”რუსთავი 2”-ი ასევე იტყობინებოდა სოფელში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე. მეორე დღეს მინისტრების ჯგუფი ფოლადაანთკარში ჩავიდა და მის მაცხოვრებლებს დახმარება აღუთქვა. 5 მარტის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ მოაწერა ხელი განკარგულებას ფოლადაანთკარისთვის სოფლის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თაობაზე და მთავრობის წევრებს ამ სოფელზე ზრუნვა დაავალა.


მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეს ”დღე და ღამე არ უნდა ეძინოს” და უნდა შეძლოს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები სამართლიანად გადაუნაწილოს მოქალქეებს.  


”მთავარი საკითხი დღეს ჩვენთვის არის სამართლიანობის დამკვირდება  და მომსახურება ამ ხალხის სწორად,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ხალხი კი არ ემსახურება მთავრობას, მთავრობა ემსახურება ხალხს –  ე.ი. ვისაც არა აქვს პირადობის მოწმობა და ვერ მოდის, ჩვენ უნდა მივუტანოთ სახლში და მივცეთ; ვინც ვერ არეგისტრირებს თავის ქონებას, ყველანაირი კონსულტაცია მივცეთ, გავამარტივოთ; ვერ მოდის ექიმთან, ექიმები უნდა მივიდნენ სახლში და შეამოწმონ; ვერ იღებს განათლებას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავარკვიოთ რა ხდება, ავტობუსები დავნიშნოთ, გზები გავაუმჯობესოთ და ყველა ეს ხალხი მოვიყვანოთ სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ასევე ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერების საჭიროებაზე და მიესალმა პარლამენტის გადაწყვეტილებას 75-ვე რაიონისთვის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის დაკანონებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციაში პარლამენტმა 4 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.


”თქვენ იცით, რომ გუშინ პარლამენტმა მიიღო რაიონული წარმომადგენლობა, რომ ყველა რაიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და საერთოდ რაიონების როლი ყველა დონეზე უნდა გაძლიერდეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button