ახალი ამბები

სოხუმი ორი დაკავებულის გათავისუფლების მზადყოფნაზე მიანიშნებს

ჟურნალისტი და კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე შესაძლოა გათავისუფლდნენ, თუ გაირკვევა, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გარდა მათ სხვა დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 3 მარტს.


”თუ გამოძიება დაადგენს, რომ დაკავებულებს არ აქვთ ჩადენილი სხვა დანაშაული, გარდა საზღვრის უკანონო გადაკვეთისა, მათი გათავისუფლების საკითხი შესაძლოა დადებითად გადაწყდეს,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ეს განცხადება აფხაზ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელთაც აფხაზეთის ხელისუფლებას მათი ქართველი კოლეგის და კიდევ ერთი მოქალაქის გათავისუფლება სთხოვეს. მალხაზ ბასილაია, საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – დავით წოწორიასთან და მაია დანელიასთან ერთად გალის რაიონში 26 თებერვალს დააპატიმრეს. დანელია 1 მარტს გაათავისუფლეს. ხოლო წოწორია და ბასილაია სოხუმში პატიმრობაში რჩებიან. აფხაზური პროკურატურის ცნობით, ერთ თვეში სასამართლო პროცესი იგეგმება.    


აფხაზი ჟურნალისტების თხოვნას სეპარატისტული ხელისუფლებისადმი წინ უძღოდა რამდენიმე ქართული მედია საშუალების მოწოდება აფხაზი კოლეგებისადმი ჩარეულიყვნენ სიტუაციის მოგვარებაში. ქართული მედია საშუალებები ითხოვდნენ მალხაზ ბასილაიას გათავისუფლებას, ხოლო მეორე დაკავებული, დავით წოწორია მათ მიმართვაში ნახსენებიც კი არ იყო.


”აფსნიპრესის” დირექტორმა მანანა გურგულიამ აღნიშნა, რომ უცნაურია, რომ არც საქართველოს ხელისუფლება და არც ქართველი ჟურნალისტები ”არ ზრუნავენ მეორე საქართველოს მოქალაქის – დავით წოწორიას ბედზე”.


 

Back to top button