ახალი ამბები

მედვედევმა თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხმების 90% მიიღო

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამომრჩეველთა 90%-მა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა დიმიტრი მედვედევს მისცა, იტყობინებიან აფხაზური და ოსური წყაროები 3 მარტს.


სულ, რუსული პასპორტების მქონე 51 000 ამომრჩეველი მივიდა აფხაზეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, განუცხადა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სერგეი მალიგინმა ”აფსნიპრესს”.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, მედვედევმა თვითგამოცხადებულ რეგიონში ხმების 90.24% მიიღო. ინფორმაცია სამხრეთ ოსეთში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ არ ვრცელდება.


საქართველომ გააპროტესტა თვითგამოცხადებულ რეგიონებში არჩევნების ჩატარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 თებერვალს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზება შეაფასა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად, საქართველოს სუვერენიტეტის იგნორირებად და მოითხოვა რუსეთის მხარისაგან სათანადო ახსნა-განმარტება.



 

Back to top button