ახალი ამბები

აფხაზ ჟურნალისტებს ქართველი ჟურნალისტის გათავისუფლებაში დახმარებას თხოვენ

ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფმა თხოვა აფხაზ კოლეგებს მოუწოდონ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გაათავისუფლონ 26 თებერვალს დაკავებული ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია.


”ჩვენ, ჩვენი პროფესიული საქმიანობით, ყოველთვის ვცდილობდით ხელი შეგვეწყო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის,” – ნათქვამია ქართველი ჟურნალისტების მიმართვაში, ”ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები არასდროს დავუჭერთ მხარს კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას… მალხაზ ბასილაიას სწორედ ეს შეხედულება ჰქონდა, როდესაც ის გალის რაიონში ჩავიდა”.


მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ტელეკომპანიები: ”მზე”, ”რუსთავი 2”, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია ”აჭარა”, სტუდია ”პრაიმტაიმი”; გაზეთები: ალია, Georgian Times, რეზონანსი; საინფორმაციო სააგენტოები: პირველი, მედიანიუსი, პრაიმნიუსი, ნოვოსტი გრუზია; რადიოსადგურები: იმედი, ფორტუნა, მწვანე ტალღა.


მალხაზ ბასილაია, საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – დავით წოწორიასთან და მაია დანელიასთან ერთად დააპატიმრეს. დანელია 1 მარტს გაათავისუფლეს. ხოლო წოწორია და ბასილაია, რომელთაც ”საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” ედებათ ბრალი, სოხუმში პატიმრობაში რჩებიან. აფხაზური პროკურატურის ცნობით, ერთ თვეში სასამართლო პროცესი იგეგმება.    

Back to top button