
ნათელაშვილი ხელისუფლების შეცვლის მიზნით ბრძოლას აგრძელებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც გულის ოპერაციის გაკეთების შემდეგ დღეს დილით დაბრუნდა ავსტრიიდან, განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის მიზნით ბრძოლას განაგრძობს.
”როგორც ხედავთ ისევ დავბრუნდი და კვლავ მზად ვარ გავიტანო სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოდან”, – განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს, ”მინდა დავარწმუნო ჩვენი ხალხი, რომ მათი მიზნები აუცილებლად შესრულდება და ამ ხელისუფლების ადგილი საქართველოში არ იქნება”.
მან ”მოსალოდნელი” უწოდა ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციიდან რესპუბლიკური პარტიის გასვლას.
”ჩვენ თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე, პოლიტიკური ძალების გაერთიანება მოიტანს საბოლოო ჯამში ამ ძალების გაყრას და დაშლას,”- განაცხადა ნათელაშვილმა.
მისმა პარტიამ ნოემბერში ასევე დატოვა კოალიცია, რადგან ნათელაშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამომრჩეველთა 6,4%-ის მხარდაჭერა მიიღო.