
ბაღაფში: აფხაზეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთმა თავისი ძალების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რათა მოიგერიოს საქართველოს შესაძლო შემოჭრა, იტყობინება “ინტერფაქსი”.
ამ განცხადებას წინ უძღოდა გალის რაიონში ბაღაფშის წარმომადგენლის რუსლან ქიშმარიას განცხადება, რომლის თქმითაც, ქართულმა ძალებმა ადმინისტრაციული საზღვრისკენ გადმოინაცვლეს. ქიშმარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ძალების 17 მანქანა სენაკის სამხედრო ბაზიდან და კიდევ 160 სპეცრაზმელი აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისკენ გამოაგზავნა.
სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მედიამ აფხაზეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში აფეთქება მოხდა, რასაც მოყვა სროლები და რის შედეგედაც სულ ცოტა სამი აფხაზი მილიციელი დაშავდა. ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის და ინციდენტის შესახებ სხვა დეტალებიც არ ვრცელდება.
დაძაბულობის მორიგი ტალღა მოყვა 26 თებერვალს აფხაზური მხარის მიერ ქართველი ჟურნალისტის დაკავებას. აფხაზურმა მხარემ მას “საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” დასდო ბრალი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა სეპარატისტულ ხელისუფლებას დაუყონებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი ან ქართული პოლიციის ჩარევით დაემუქრა.
მანმადე, 26 თებერვალს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ 1-5 მარტს იგეგმებოდა სამხედრო წვრთნები 100 საარტილერიო დანადგარის, 2000 რეზერვისტის და სატანკო ბატალიონის მონაწილეობით. თუმცა, გუშინ აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ “სიტუაციის დაძაბვის” გამო წვრთნები ერთი დღით ადრე დაიწყო.