ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო მიმდინარე კვირას დაკომპლექტდება

საქართველოს საზოგადოებივი მაუწყებლის ცხრა-წევრიანი სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა სია 27 თებერვლამდე დასახელდება, მას შემდეგ რაც გაიმართება კონსულტაციები ოპოზიციასთან, განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


”ჩვენ გვინდა შევათანხმოთ ის კანდიდატური, რომლებიც პარლამენტზე დამტკიცებული იქნება და გარკვეულწილად ეს კანდიდატურები ასახავენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების ნდობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში წარმოდგენილი. შემდეგ სასურველია, რომ ჩვენ კონსენსუსის წესით შევთანხმდეთ საბჭოს ხელმძღვანელზე და ასევე გენერალურ დირექტორზე,” – განაცხადა ბურჯანაძემ.


235 კანდიდატისგან 27 პირი უნდა შეირჩეს. შემდეგ პარლამენტმა მათგან ცხრა უნდა დაამტკიცოს. ახლად არჩეული საბჭო ახალ გენერალურ დირექტორს დანიშნავს, რომელიც ამ პოსტზე თამარ კინწურაშვილს შეცვლის. ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში კანდიდატების სია ”ხვალ, ან ზეგ გახმოვანდება”.


დღესვე გვიან საღამოს ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეხვედრა იგეგმება.


ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შეარჩიეს რამდენიმე კანდიდატურა სამეურვეო საბჭოსთვის, თუმცა მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.


 


 

Back to top button