ახალი ამბები

გაბაშვილი: თავი უნდა შევიკავოთ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისაგან

საქართველომ, იმის მიუხედავად აღიარებენ თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობას სხვა სახელმწიფოები, თავი უნდა შეიკავოს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაგან, განუცხადა Civil.Ge-ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა.


”ჩვენ პოზიცია იქნება სრულებით თავშეკავებული და ჩვენი მხრიდან კოსოვოს აღიარება უნდა გამოვრიცხოთ,”- აცხადებს გაბაშვილი, ”ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ არ მოხდეს კოსოვოს პრეცედენტის გავრცელება საქართველოზე”.


გაბაშვილის თქმით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომელიც 21 თებერვალს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმერს პუტინს შორის გაიმართება.


”შეიძლება ამ შეხვედრას შედეგად მოჰყვეს ცუდი ან კარგი განვითარება. მე მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია,”- განუცხადა გაბაშვილმა Civil.Ge-ს, ”ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი ინტერესი არის ის, რომ არასოდეს არ დავუშვებთ იმას, რომ საქართველოს რომელიმე რეგიონი გახდეს დამოუკიდებელი და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რასაც შექმნილი ვითარება გვიკარნახებს”.


კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ მიანიშნა, რომ ამ პრეცედენტის გამო მოუწევს გადახედოთ მიდგომებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. ქართულმა მხარემ გააფრთხილა რუსი კოლეგები, რომ კოსოვოს საკითხით მანიპულირება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ”საშიშ ჩიხში” შეიყვანს.


ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი კოსოვოს პრეცედენტის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებით საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას შეუქმნის პრობლემას.


 

Back to top button