ახალი ამბები

საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მოლაპარაკებები გაიმართება

საქართველო-რუსეთს შორის 2006 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით დღეს მოსკოვში მოლაპარაკებები გაიმართება.


ამ მიზნით საქართველოს დელეგაცია ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ ლეჟავას ხელმძღვანელობით უკვე გაემგზავრა მოსკოვში.


”რა თქმა უნდა, საკითხი რთულია. არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ეს ძალიან სწრაფად გადაწყდება, მაგრამ რადგან გვაქვს პოზიტიური სიგნალები მოსკოვიდან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს”, – განაცხადა მოსკოვში გამგზავრებამდე ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ლეჟავამ.   


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში ორი დღის განმავლობაში ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს რუს კოლეგებთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.


საუბარი ასევე შესაძლოა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თემატიკასაც შეეხოს, რაზეც თბილისის შესაძლო თანხმობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა. 


სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი წინ უსწრებს პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრას თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან მოკოვში, რომელიც 21 თებერვალს დსთ-ს არაფორმალური სამითის ფარგლებში გაიმართება.

Back to top button