
პოლიტიკოსების რეაქცია პატარკაციშვილის გარდაცვალების პირველად დასკვნაზე
პოლიტიკოსების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ბრიტანული პოლიციის პირველადი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ბადრი პატარკაციშვილი ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ რეალური მიზეზი საბოლოო დასკვნის შემდეგ დადგინდება. ოპოზიციის ზოგი წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების ”მორალურ პასუხისმგებლობაზეც” მიუთითებს.
სურეის საგრაფოს პოლიციამ გვამის პირველადი გამოკვლევის შემდეგ განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი ”ბუნებრივი მიზეზით” დადგა, თუმცა დამატებითი ტოქსიკოლოგიური კვლევა მაინც ჩასატარებელია, რაც რამოდენიმე კვირას მოითხოვს.
”პირველი დასკვნებით ეს გულის გამოა, მაგრამ რა იყო ეს [გარდაცვალების მიზეზი], ალბათ მერე გამოჩნდება,”- განუცხადა პატარკაციშვილის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გოჩა ჯოჯუამ ჟურნალისტებს, ”ის არის მსხვერპლი იმ საზიზღარი ცილისწამებისა, რომელიც მის წინააღმდეგ იყო. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს როგორც მოკლავ, მოკლავ ფიზიკური ჩარევით თუ მოკლავ ასე ირიბად, სიტყვით”.
დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენაში დამუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ”რომ გითხრათ, რომ ”სკოთლანდ იარდის” გამოძიებას ბოლომდე ვენდობი, თვითონ ინგლისშიც არ ენდობიან,”- აღნიშნა მან.
”ეს რომც იყოს მართლაც გულით გარდაცვალება, ამ გარდაცვალებას ჰქონდა ძალიან მძიმე პოლიტიკური და მორალური მიზეზები,”- განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძემ.
”ამ ხელისუფლების ხელში და იმ სიბინძურეების შემდეგ, რომელიც იყო ამ ადამიანი მიმართ განვითარებული, შეიძლებოდა რომ გახეთქოდა კიდეც გული ადამიანს,”- განაცხადა პაატა ჯიბლაძემ ლეიბორისტული პარტიიდან.
დეპუტატი მმართველი პარტიიდან ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ ბრიტანული პოლიციის პირველადმა დასკვნამ გაფანტა ის ეჭვები, რაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიის საშუალებებით გამოითქმოდა პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
”ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ის პირველი განცხადება – რომ ის გარდაიცვალა გულის შეტევით, იყო სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ბადრი პატარკაციშვილი დაემშვიდობა ამ სამყაროს,”- განაცხადა თევდორაძემ.
იმავდროულად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და საქართველოს მთავრობამ სპეციალურ განცხადებაში მწუხარება გამოთქვეს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო.
“მძიმე სახელმწიფო დანაშაულში ბრალდების მიუხედავად, ყველა ადამიანის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აბადრი პატარკაციშვილის გადაცვალებასთან დაკავშირებით 13 თებერვლის საღამოს გაავრცელებულ განცხადებაში.
პატარკაციშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ ოჯახს გადაწყვეტილი აქვს ბიზნესმენი საქართველოში დაკრძალოს, თუმცა უცნობია როდის გადმოასვენებენ მის ცხედარს საქართველოში. ”როცა შიში გაუვლის თქვენს მთავრობას,”- განუცხადა დღეს პატარკაციშვილის დამ, დეპუტატმა ნანა პატარკაციშვილმა ჟურნალისტებს.