ახალი ამბები

ხმალაძე ცესკო-ს პოტენციურ თავმჯდომარედ სახელდება

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეობის პრეტენდენტად სახელდება, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის მისაღები ფიგურა, წერს ქართული პრესა.


ხმალაძემ განაცხადა, რომ ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომლის დასახელებაც მან არ ისურვა, მასთან მოსინჯა ნიადაგი ისურვებდა თუ არა ცესკო-ს ხელმძღვანელობას, შეთავაზების შემთხვევაში. ”ჩემი პასუხი იყო, რომ ჯერ თავად ოპოზიციაში უნდა მოხდეს შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასთანაც იქნება შეთანხმება მიღწეული, მორალური უფლება არ მექნება უარი ვთქვა,”- განუცხადა ხმალაძემ გაზეთ ”რეზონანსს”, ”მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თუ მე უარს ვიტყვი, ოპოზიციას მოუწევს ახალი კანდიდატურის მოძებნა, ეს პროცესი კი დროში გაიჭიმება, რაც სასურველი არ არის, რადგან საკმაოდ მცირე დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე”.


ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ხმალაძის კანდიდატურა მისაღებია, თუმცა ცესკო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე რაიმე შეთანხმების არსებობას ოპოზიციის შიგნით ან ხელისუფლებასთან უარყოფენ. მმართველ პარტიას ჯერ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.


ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საქართველო კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის ერთ-ერთი ავტორია, ერთხელ უკვე დასახელდა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად. დღევანდელის მსგავსად, ეს თანამდებობა შეუთანხმებლობის ობიექტი იყო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველ პარტიასა და მაშინდელ ოპოზიციას შორის. კომპრომისის სახით მხარეები დათანხმდნენ ეუთოსა და ევროპის საბჭოს შუამავლობას, რომელთაც სამი კანდიდატურა დაასახელეს: დავით უსუფაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების მაშინდელი წარმომადგენელი და რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი ლიდერი; ვახტანგ ხმალაძე და ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი. შევარდნაძემ დევდარიანი სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

Back to top button