skip to content
ახალი ამბები

ევროობლიგაციების გამოშვება ჯერ გადაწყვეტილი არ არის – ბურჯანაძე

ევროობლიგაციების გამოშვება მას შემდეგ გადაწყდება, რაც მთავრობა ამ ნაბიჯის სასარგებლოდ საკმარის პოზიტიურ არგუმენტებს წარმოადგენს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 12 თებერვალს.


პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ევროობლიგაციების გამოშვების ინიციატივით 31 იანვარს გამოვიდა. მისი თქმით, საქართველოს სურს აპრილიდან გამოუშვას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ხუთიდან ათწლიანი ვადის მქონე ევროობლიგაციები. 


”ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, რომელიც დამატებით არგუმენტებს მოგვაწვდის ამ ევროობლიგაციებთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადებითი მხარეები იქნება აშკარად უპირატესობაში, ასეთ შემთხვევაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული ამ საკითხის სასარგებლოდ”. 


პარლამენტის თავმჯდომარის ეს რეპლიკა მოჰყვა პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ ვლადიმერ პაპავას განცხადებას, რომელმაც ”გაუგებარი” უწოდა მთავრობის განზრახვას ევროობლიგაციების გამოშვების გზით 500 მლნ აშშ დოლარით გაზარდოს ქვეყნის საგარეო ვალი.


”ევროობლიგაციების გამოშვების დრო დღეს ნამდვილად არ არის მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში ფინანსური თვალსაზრისით რაც უფრო ჩაკეტილი იქნება ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო ნაკლები საფრთხეები ელის მას,”- განაცხადა პაპავამ, ”და მეორე საკითხი, თუკი ჩვენი მთავრობა ამაყობს იმით, რომ აქვს პროფიციტული ბიუჯეტი, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია რა საჭიროა ევროპის ბაზარზე სესხის აღება”. 


პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროობლიგაციებით მოზიდული თანხების დახარჯვას მთავრობა გაზსაცავის მშენებლობასა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის ხაზების ინვესტირებაზე გეგმავს.


 

Back to top button