
ბრიტანულმა ფონდმა Caucasus Online-ის აქციათა 10% იყიდა
ბრიტანულმა საინვესტიციო ფონდმა Growth Management Ltd-მ საქართველოს უმსხვილესი ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიის Caucasus Online-ის აქციათა 10% შეიძინა, თუმცა გადახდილი თანხის ოდენობა უცნობია, იტყობინება ”როიტერი”.
გარიგებამდე Caucasus Online-ის აღმასრულებელი დირექტორი მამია სანადირაძე აქციათა 95.1%-ის მფლობელი იყო. ”თი-ბი-სი ბანკი” კომპანიაში 4.9% აქციების მესაკუთრეა.
Caucasus Online საქართველოს ბაზარზე, რომლის 90%-ს იკავებს, მონოპოლისტად ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც 2006 წელს ორი წამყვანი ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია ”სანეტი” და Georgia Online შეიერთა. წლის ბოლოსთვის კომპანია ასევე გეგმავს საკუთარი აქციები განთავსებას ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც საქართველოს ბანკის შემდეგ მეორე ქართული კომპანია იქნება. Caucasus Online-მა გასულ სექტემბერს ხელი მოაწერა აშშ-ში განთავსებულ Tyco Telecommunications-თან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ფოთსა და ბულგარეთის ქალაქ ვარნას შორის 1100-კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 2006 წელს 26.15 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2005 წელს არსებული 19.8 მილიონი ლარიდან. 2007 წლის მაჩვენებლები ჯერ-ჯერობით უცნობია.