ახალი ამბები

ახალგაზრდა იურისტები მათი დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ მისი ორგანიზაციის ”დისკრედიტაციის” მცდელობად შეაფასა ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან მოხშირებული განცხადებები ორგანიზაციის ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის სასარგებლოს მიკერძოების თაობაზე.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა გიზო მჭედლიძემ საია-ს ”დაინტერესებული მხარე” უწოდა, მანამდე კი 8 იანვარს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა საია ასევე მოიხსენია, როგორც რესპუბლიკური პარტიის გაგრძელება.


”მითითება ჩვენს პოლიტიკურ დაინტერესებაზე სხვა არაფერია, თუ არა როგორც ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებელი ორგანიზაციის დისკრედიტაცია და იგნორირება იმ კონკრეტული ფაქტების თუ საჩივრების, სადაც ჩვენ მთელი თვის განმავლობაში ვაფიქსირებდით,”- განაცხადა ჩხეიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.


საია-ს რესპუბლიკურ პარტიასთან გაიგივების მცდელობა, სავარაუდოდ, უკავშირდება ორგანიზაციის ერთ-ერთ ყოფილ ხელმძღვანელს თინა ხიდაშელს, რომელიც ამჟამად რესპუბლიკური პარტიის ლიდერია.


საია-მ, რომელიც  13 წელია აკვირდება არჩევნებს, ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან შედარებით, 5 იანვრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი,  230 საჩივარი  შეიტანა საარჩევნო ადმინისტრაციებსა და ასევე სასამართლოშიც, თუმცა მათი დიდი უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა. ბევრ საჩივარს საერთოდ განხილვაზე ეთქვა უარი.

Back to top button