
უსუფაშვილი ბურჯანაძესთან დიალოგს ადასტურებს
დავით უსუფაშვილმა, ოპოზიციური კოალიციის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში ინტენსიურ დიალოგშია ჩართული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან, თუმცა მან არ დაასახელა სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც კონსულტაციებში იღებენ მონაწილეობას.
მისი თქმით, სწორედ ამ დიალოგის შედეგია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზების საკითხზე კონსენსუსის მიღწევა, რაზეც განცხადება დღეს ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ კიდევ 7 საკითხზე მიდის მსჯელობა და პოზიციების დაახლოების შანსები არსებობს.
”მე არ შემიძლია დავაკონკრეტო დანარჩენი 7 საკითხი, თუმცა ჩვენი მხრიდან გაცილებით მეტი კითხვები არსებობს ხელისუფლების მიმართ. საზოგადოებრივ მაუწყებლის რეორგანიზების საკითხი ჩვენ დიდი ხანია დავაყენეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რადგან იმ საბჭომ ვერ გაამართლა, ასევე უნდა შეიცვალოს არხის დირექტორი”, – განუცხადა civil.ge-ს დავით უსუფაშვილმა.
თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ არ პირებს თანამდებობის დატოვებას ახალი მეურვეო საბჭოს არჩევამდე.
ოპოზიცია დღეს საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობის წინ მაინც მართავს აქციას, რომელიც 13 იანვრის მანიფესტაციაზე დაიგეგმა და შეკრებილ საზოგადოებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამ შეთანხმების შესახებ ამცნობს. აქციის მთავარი მოთხოვნაა ”საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის”.