”არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა საქართველოსთვის” – სააკაშვილი
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდაა საქართველოსთვის და ”მე მინდა მთელ მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ქართული დემოკრატია ცოცხალი და ჯანმრთელია”, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 4 იანვარს.
სააკაშვილმა ეს განცხადება თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო გამოსვლის ფარგლებში გააკეთა სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. 25-წუთიანი გამოსვლა ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”მზემ” მთლიანად გადასცეს (საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოსვლის მხოლოდ პირველი ხუთი წუთი უჩვენა).
”ჩემი მიზანია ძლიერი და წელში გამართული საქართველო, ერთიანი და გახარებული საქართველო, ჩემი მიზანია საქართველო სიღარიბის და გაჭირვების გარეშე, საქართველო უმუშევრობის და პესიმიზმის გარეშე. მე ეს ბრძოლა დავიწყე თქვენთან ერთად და ვითხოვ თქვენგან მანდატს ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე საბოლოო გამარჯვებამდე,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”ხვალ ჩვენ დიდ არჩევანს ვაკეთებთ. იშვიათად მდგარა რომელიმე ერი ასეთი დიდი არჩევანის წინაშე – არჩევანი საქართველოს მომავალს და საქართველოს წარსულს შორის; ეს არის არჩევანი წინსვლასა და უკუსვლას შორის. უკუსვლა ნიშნავს ჩვენი მანქანის გადაჩეხვას უფსკრულში, საიდანაც ვერასდროს ვეღარ ამოვალთ, წინსვლა ნიშნავს იმ ავტობანზე შეხვევას, რომელიც მიგვიყვანს სოხუმში და ფსოუზე,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”ხვალ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომელიც სულგანაბული უყურებს საქართველოს, რომ საქართველო არის მაღალი კლასის, ცივილიზებული, ორგანიზებული მშვიდი, ბრძოლისუნარიანი ევროპული ერი,” – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ”მე მინდა მთელ მსოფლიოს ვაჩვენო, რომ ქართული დემოკრატია ცოცხალი და ჯანმრთელია და ის ვინც ქართულ დემოკრატიას დაარღვევს, ის არის საქართველოს მომავლის მოწინააღმდეგე – ჩვენ არ მივცემთ დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს დემოკრატიული პროცესის ჩაშლის შესაძლებლობას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)