skip to content
ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას სამშაბათს განაახლებს







ტელეეკრანებზე ”იმედის” ლოგოა განთავსებული. 
ტელეკომპანია ”იმედი” მაუწყებლობას სამშაბათიდან საინფორმაციო გადაცემით განაახლებს, თუმცა ნორმალურ მუშაობას კვირის ბოლოსთვის დაუბრუნდება, განაცხადა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ.

”იმედის” პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელის გიორგი თარგამაძის განცხადებით, თავიდან საინფორმაციო გამოშვებები სამ საათში ერთხელ გავა, ნაცვლად ერთსაათიანი ინტერვალებისა.

ტელეკომპანია ”იმედმა” თავის საცდელი მაუწყებლობა 8 დეკემბერს საღამოს 19:15 წუთზე დაიწყო. არხი ყურებადია თბილისის გარეთაც. ტელეკომპანიის ეთერში რადიო ”იმედია” ჩართული, რასაც ფონად ტელევიზიის ლოგო ადევს.


სტუდია ”მაესტროს” გადაცემა ”პროფესია – ჟურნალისტი” საუბრისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”იმედის” ტექნიკური პერსონალი ”თითქმის 24 საათიან რეჟიმში” მუშაობას სტუდიის აპარატურის აღსადგენად. მისი თქმით, საეთერო მთლიანად განადგურებულია. შიდა სატელეფონო ქსელი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ კავშირი მთლიანად განადგურებულია.


”ის ხალხი, ვინც ეს გააკეთა, ამის მცოდნე იყო, რადგანაც მათ აპარატურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე მიიტანეს იერიში, რათა ჩვენთვის მეტი პრობლემები შეექმნათ,” – განაცადა თარგამაძემ.


მისი თქმით, ხელმძღვანელობა ინტენსიურად მუშაობს იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიც ტელეკომპანიიდან რამდენიმე ჟურნალისტის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ”იმედი” დატოვეს პოლიტიკური თოქ-შოუს ”ღია ეთერის” წამყვანებმა ინგა გრიგოლიამ და ეკა ხოფერიამ, ასევე საინფორმაციო გადაცემის ერთმა წამყვანმა და ორმა ჟურნალისტმა.

ეკა ხოფერია ამჟამად რადიო ”უცნობის” გადაცემის წამყვანია, ხოლო გრიგოლია პოლიტიკურ თოქ-შოუს ”პრაიმ-ტაიმს” გაუძღვება, რომელსაც ტელეკომპანია ”რუსთავი 2” დღეიდან გაუშვებს ეთერში. გრიგოლიამ ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ მან ”იმედიდან” წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტელეკომპანიის მფლობელმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა.


გიორგი თარგამაძის თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის” წამყვანი მაგდა ანიკაშვილი პოლიტიკურ თოქ-შოუს ”ღია ეთერს” წაიყვანს.


რადიო ”იმედმა” უკვე განაახლა მაუწყებლობა, მათ შორის საათში ერთხელ საინფორმაციო გადაცემების გაშვება. რადიო ”იმედი” ორშაბათიდან თოქ-შოუების განახლებასაც გეგმავს.   


რადიო ”იმედი” ტელევიზიასთან ერთად 7 ნოემბერს, პოლიციის რეიდის შემდეგ დაიხურა. თუმცა, ტელევიზიისგან განსხვავებით, რადიო ”იმედის” სტუდია, რომელიც ასევე დალუქული იყო, არ დაზარალებულა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი დაბრკოლება რადიო ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის, 7 დეკემბრამდე ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. რადიოს და ტელეკომპანიის ვებ-გვერდები კვლავ გათიშულია.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედის” ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება 6 დეკემბერს მიიღო. ეს ბოლო დაბრკოლება რჩებოდა ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის მას შემდეგ, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 დეკემბერს შეცვალა 7 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის სამი თვით შეჩერების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button