საქართველო თავდაცვის დაფინანსებას შეკვეცავს – გურგენიძე
თავდაცვის სფეროს დაფინანსებაში “მნიშვნელოვანი შემცირება” იქნება, განუცხადა ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ “როიტერს” 5 დეკემბერს. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რამდენით შემცირდება თავდაცვის ხარჯები.
2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროსთვის 922.1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის პროცედურა მას შემდეგ შეჩერდა, რაც მთავრობამ პროექტი გადამუშავების მიზნით უკან გაიწვია.
22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ გურგენიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა მისი ”ხალხისკენ შემობრუნების” მიზნით.
თუმცა ამ დრომდე ბიუჯეტის განახლებული პროექტი ოფიციალურად არ დაბრუნებულა პარლამენტში, რაც ოპოზიციას აძლევს იმის ვარაუდის საბაბს, რომ მომავალ წელს ქვეყანა ბიუჯეტის გარეშე შეხვდება, რადგან დარჩენილ პერიოდში საბიუჯეტო განხილვის ხანგრძლივი პროცედურები ვერ მოესწრება. საპასუხოდ მთავრობა აცხადებს, რომ ბიუჯეტი კანონით დადგენილ ვადებში მიიღება.
თავდაცვის დაფინანსება ქვეყნისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. თავდაპირველად, 2007 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სფეროზე 392.5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა წლის განმავლობაში სამჯერ კორექტირებული ბიუჯეტის შედეგად თავდაცვის დაფინანსებამ რეკორდულ ნიშნულს – 1,495 მლრდ ლარს – მიაღწია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)