skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ექიმებთან შეხვედრაზე უკანასკნელი პერიოდის მოვლენებს შეეხო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ”უსიამოვნო” და ”რთული” იყო 7 ნოემბერს დემონსტრაციის დაშლის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანა არ ჩაძირულიყო ”ქაოსში და სამოქალაქო დაპირისპირებაში”, როგორც ეს 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება 14 ნოემბერს ექიმებთან შეხვედრაზე გააკეთა. 12 ნოემბერს პრეზიდენტი პედაგოგებს შეხვდა. ორივე შეხვედრა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადასცა, რომელიც ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საინფორმაციო გამოშვებების უფლება აქვს.


”უსიამოვნოა, როდესაც სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების, თუნდაც მისი ერთი ნაწილის მიმართ, ძალის გამოყენება უხდება,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისათვის ვინც ამ ქვეყანას მართავს, ძალიან მძიმე იყო. ყველა ხელკეტი, რომელიც მოხვდა ხალხს, პირადად მეც მომხვდა, მე ვიტირე იმ ცრემლსადენი გაზით, რომელიც პოლიციამ გამოიყენა. მაგრამ ამის ალტერნატივა ქაოსი, არეულობა, საზოგადოების გათიშულობა და სამოქალაქო ომია. საქართველომ ეს პერიოდი უკვე გაიარა, ჩემი უპირველესი მოვალეობა კი ისაა, რომ საქართველო იქ არასოდეს არ დაბრუნდეს… მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უნდა მოიქცეს ასე სააკაშვილის დროს და სააკაშვილის პრეზიდენტობიდან ასი წლის შემდეგაც”.


ჯანდაცვის საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც ეს პედაგოგებთან შეხვედრაზე მოხდა, აფხაზეთში რუსეთის როლის საკითხს შეეხო და განაცხადა: ”საშიშროება მომდგარია ჩვენს კარებზე და ცალი ფეხი შემოდგმული აქვს ჩვენს სახლში”.


მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ხელთ აქვს ”დოკუმენტური მტკიცებულებები”, რაც ადასტურებს თბილისის განცხადებებს, რომ რუსეთს აფხაზეთში დამატებითი შეიარაღება და ძალები შეყავს.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button