skip to content
ახალი ამბები

ინგა გრიგოლია ბურჯანაძეს დუმილის გამო აკრიტიკებს

ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ის გააოგნა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დუმილმა პოლიციის მიერ ტელეკომპანია ”იმედში” შეჭრასა და დახურვასთან დაკავშირებით. 


გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 9 ნოემბერს გამოქვეყნდა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ზაფხულში ბურჯანაძემ მას შეხვედრა სთხოვა და ამ შეხვედრის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოხატა ტელეკომპანია ”იმედის” ბოიკოტირებასთან დაკავშირებით. მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში უარს აცხადებდნენ ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებში და დებატებში მონაწილეობაზე.


”ქალბატონმა ნინომ მე მაშინ მითხრა ტრადიციული სიტყვებით, რომ ის იყო აღშფოთებული და შეშფოთებული იმით, რაც ჩვენს თავს ხდებოდა. საუბარი იყო ბოიკოტზე. მან თქვა, რომ ის არ ეთანხმება უმრავლესობის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას, რომლითაც ”იმედზე” ეს ბოიკოტი ხორციელდება და რომ იგი ამის წინააღმდეგ აუცილებლად გაატარებს ზომებს. ამის შემდეგ ნახევარი წელი გავიდა და ქალბატონი ნინო არ გამოსულა ეთერით,” – განაცხადა გრიგოლიამ, ”ჩემთვის გამაოგნებელია, რომ ქალბატონმა ნინომ იმ წუთშივე არ გააკეთა განცხადება, როდესაც მისთვის გახდა ცნობილი, თუ როგორ შეიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი ”იმედში”… მე მართლა აღშფოთებული ვარ, რომ პარლამენტის სპიკერი, რომელიც ყოველთვის დემოკრატიაზე საუბრობდა, არ გამოვიდა და ამ ფაქტზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა. ძალიან ნაწყენი დავრჩი, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ ეყო გამბედაობა, რომ ტელეკამერების წინ ეთქვა, ეთანხმებოდა თუ არა ის ”იმედის” ჟურნალისტების დარბევის ფაქტს”.


საგაზეთო ინტერვიუში გრიგოლიამ ასევე ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომელსაც 7 ნოემბერს ჰქონდა ადგილი, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია ”იმედში” შეიჭრა.


მისი თქმით, შეიარაღებულმა სამართალდამცავებმა ყველა ადამიანს მობილურები წაართვეს. ”შემოვარდნენ, ყველანი იატაკზე დააწვინეს, იარაღის მუქარით,” განაცხადა გრიგოლიამ, ”შემდეგ ორ-ორ კაცს გვიშვებდნენ გარეთ, სადაც ხალხი იყო შეკრებილი”. მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მთელი აპარატურა განადგურებულია.


7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” წინ ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა, რომელიც სკანდირებდა: ”იმედი, იმედი” და ტელეკომპანიის დახურვას აპროტესტებდა. გრიგოლიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს, სპეცრაზმმა მომიტინგეები, მათ შორის ჟურნალისტები დაშალა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button