ახალი ამბები

პრეზიდენტის მიმართვა 8 ნოემბერს – სრული ტექსტი

პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობისადმი  – 8 ნოემბერი

ძვირფასო მეგობრებო გადავწყვიტე დღეს მოგმართოთ მნიშვნელოვანი ამბით ისევე როგორც მიმდინარე მოვლენების შეფასებით.


რაც მოხდა გუშინ, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. ეს იყო ერთადერთი და ადეკვატური პასუხი იმ შეთქმულებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, მე ხაზს ვუსვამ, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობას, საქართველოს დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს.


გუშინ ჩვენ დავიცავით არა მოქმედი ხელისუფლება, არამედ ქართული დემოკრატია, ქართული საზოგადოება, გუშინ ჩვენ დავიცავით ქართული სახელმწიფოებრიობა.


მე მინდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მთავრობამ კი არ მიმართა და სახელმწიფომ ხალხს დასაცავად, მთავრობამ და სახელმწიფომ კი არ გამოიყვანა ხალხი სამიტინგოდ და მთავრობაზე ასაფარებლად, არამედ მთავრობამ გადადგა ყველა ადეკვატური ნაბიჯი იმისათვის, რომ ხალხი დაცული ყოფილიყო არეულობისგან, არეულობის მოწყობის მცდელობისგან, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობისგან.


გუშინ რაც მოხდა თბილისში, ეს იყო ძალიან მსგავსი იმისა, რაც მოხდა ვილნიუსში 1991 წელს – გარე ძალების მიერ ინსპირირებული პუტჩი; რაც მოხდა საქართველოს სხვადასხვა ეტაპებზე და რაც მოხდა თუნდაც რამდენიმე თვის წინ ესტონეთში.


მე მინდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ როდესაც შენ აღმართავ ხელს საზოგადოებრივ წესრიგზე, როდესაც აღმართავ ხელს სამართალდამცავ ორგანოებზე – ეს არის ძალადობა.


როდესაც ძალის გამოყენების მონოპოლია კანონის ფარგლებში ეკუთვნის მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს  – სახელმწიფოს, რომელმაც მაქსიმალურად თავი უნდა აარიდოს ძალის, მითუმეტეს ზედმეტი ძალის გამოყენებას, ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები და წესრიგი, როდესაც მას ამის გაკეთებას აიძულებენ.


მე მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ის რაც ხდებოდა არ იყო ადგილობრივი, იზოლირებული არეულობა. ეს იყო მრავალი თვის და წლების განმავლობაში მომზადებული სცენარი, ძალიან მკვეთრად გამოხატული ასევე უცხოური ელემენტების მონაწილეობით, რისი დამადასტურებელი საბუთი ჩვენ გვაქვს და ნაწილი უკვე წარვუდგინეთ საზოგადოებას.


მე მინდა ყველას ესმოდეს, რომ საქართველოს დროშა ეს არის წითელი და თეთრი – ხუთჯვრიანი დროშა და ის ვინც სხვა დროშებს აფრიალებს და სხვა დროშებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლების და წესწყობილების შეცვლას, იმისგან სახელმწიფო მომავალშიც დაიცავს თავს ყველა ხელთ არსებული საშუალებით.    


ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ რაც მოხდა გუშინ და რა ნაბიჯებსაც დგამს სახელმწიფო, ეს არ არის ხელისუფლების დასაცავად გადგმული ნაბიჯი. მე მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს, ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს.


ჩვენთვის არაფერი არ ღირს, არც ჩვენი თანამდებობები, არც ჩვენი სავარძლები, არც რაიმე პრივილეგიები, რომელიც მოდის ამ სავარძლებთან და თანამდებობებთან ერთად.


ჩვენ მეტი საზრუნავი და მეტი თემა, გარდა საქართველოს და მისი წესრიგის დაცვისა, რა თქმა უნდა, არ გაგვაჩნია.


მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ მოვლენებმა გარკვეულწილად მიაღწია იმ მიზანს, რომლის თავიდან აცილება ჩვენ გვსურდა. ჩრდილი მიეყენებინათ საქართველოსთვის, ჩრდილი მიეყენებინათ მისი წინსვლისთვის, ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის, ჩრდილი მიეყენებინათ საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. გარკვეული ზიანი ჩვენ ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მივიღეთ.


ეს არის სწორედ ის ზიანი, რომლის თავიდან აცილება გვსურდა ჩვენ ყველაზე მეტად.


მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ გვიბიძგებდნენ არჩევნები ყოფილიყო ჩატარებული გაზაფხულზე, როცა ეს არის სრულიად დაუშვებელი. იყო საუბარი საპარლამენტო არჩევნებზე მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრულია მომავალი წლის შემოდგომაზე.


ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება და მაქვს ასეთი წინადადება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის 5 იანვარს.


გადმოვიტანოთ აქეთ, ჩავატაროთ ახლა, ჩავატაროთ ზედმეტი გადადების გარეშე. მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალს მჭირდება თქვენგან არა ორაზროვანი მანდატი იმისა, რომ გავუმკლავდეთ ყველა საგარეო საფრთხეს;  გავუმკლავდეთ ყველანაირ ზეწოლას საქართველოზე;  გავუმკლავდეთ საქართველოს ტერიტორიების ანექსირების მცდელობას;  გავუმკლავდეთ მზაკვრულ გეგმებს საქართველოს ტერიტორიების მითვისების, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად არსებობს;  გავუმკლავდეთ იმ გეგმებს, რომლებიც მოქმედებაშია, რომ საქართველო არიონ, შეარყიონ, საქართველოს მიმართ რწმენა შეარყიონ, ქართველ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ ხელი აღებინონ  თავისუფლებაზე და დაგვაბრუნონ 1921 წელს – საქართველოს ანექსიის, საქართველოს დამონების და საქართველოს დემოკრატიის აღსასრულის პერიოდში.


მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანო  თქვენი ნდობა, ჩემი მანდატი და მივიღო თქვენგან სრულიად კონკრეტული მხარდაჭერა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ აღმშენებლობა და რაც მთავარია, ქვეყნის აღორძინება და ქვეყნის დაცვა შევძლოთ სათანადოთ და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არის ერთიანი, ქართველ ხალხს უნდა მომავალი და ექნება აუცილებლად მომავალი, მიუხედავად ყველანაირი ხრიკებისა და ყველანაირი არევის მცდელობებისა.


იმ დღეს ვათვალიერებდი სხვადასხვა არხებს და ერთ-ერთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა წარმომადგენელმა მიტინგზე ერთ ბიბლიურ სწავლებაზე ისაუბრა, თუ ამას საუბარი შეიძლება ერქვას,  ის ამბობდა: ”მოითხოვე და მოგეცემაო”, ”დაუკაკუნე და კარს გაგიღებენო”.


ჰოდა ჩემო კარგებო მოითხოვეთ ადრეული არჩევნები  – მიიღეთ კიდევ უფრო ადრეული არჩევნები; აკაკუნებთ დემოკრატიის კარზე –  დემოკრატიის კარი ღიაა.


დემოკრატიის კარი ღიაა იმიტომ, რომ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ გარანტი იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიის ეს კარი არასდროს არ დაიხურება.


ოღონდ ეს არჩევნები ჩატარდება ჩვენი გრაფიკით და არა ჩვენი არაკეთილმოსურნეების გრაფიკით, ანუ ის ფორას მოგვცემს რუსეთის არჩევნებამდე, რომელიც ტარდება 7 მარტს.


ჩატარდება ზუსტად იმ ხედვის მიხედვით, რომელიც მე თქვენ წარმოგიდგინეთ და რომელიც სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ზოგჯერ ვერ გაიგო ზოგიერთმა სხვა პოლიტიკურმა ერთეულმა და ამ ერთეულის წარმომადგენელმა, იმიტომ, რომ ჩვენ ამჯერადაც მივდივართ ამაზე, იმიტომ, რომ ვიცავთ არა ჩვენს ხელისუფლებას, არამედ ჩვენს ქვეყანას და ამოვდივართ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინტერესებიდან


ჩემი კომპრომისი, როდესაც კომპრომისზე ვსაუბრობთ ოპოზიციისადმი, არის ის, რომ მე ვაძლევ  ოპოზიციას შანსს მართლაც გახდეს ხალხის რჩეული, თუ თქვენ ამას იმსახურებთ, როგორც არის ყველანაირი დემოკრატიული წყობილების პირობებში.


სანამ ვინმე დაიწყებს იმას, თუ რომელ ექსცენტრიულ, ავტორიტარულ ან მითუმეტეს, დიქტატორულ მმართველს ჰგავს საქართველოს პრეზიდენტი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ მე ვარ საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელიც უკვე მეორეჯერ საკუთარი ნებით იმცირებს თავის საპრეზიდენტო ვადას, პირველ საპრეზიდენტო ვადას და პრაქტიკულად მივდივარ იმაზე, რაზეც არც ერთი სხვა პრეზიდენტი ჩვენს რეგიონში და უმეტეს ქვეყნების მსოფლიოში, ნამდვილად სხვა ასეთი პრეცედენტი ბევრი არ ვიცი.


მაგრამ მე ამას ვაკეთებ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ხაზი გაუსვა, რომ არაფერს არ ნიშნავს თვეები და წლები, როცა საქმე ეხება ჩვენს უმთავრეს, ყველაზე  სასიცოცხლო ინტერესს, რომ მთელი მსოფლიო მუდმივად ვამყოფოთ იმის მოწმედ და იმის მონაწილედ, რომ საქართველო არის ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომლის ხალხს აქვს სრულიად ზუსტი წარმოდგენა იმაზე თუ რა უნდა იყოს მისი მყარი მომავალი და ამ მყარი მომავლის ზუსტი გარანტიები.


მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ უკვე მეორეჯერ კონსტიტუციაში, კონსტიტუციით და გადაწყვეტილებით ვამცირებ ჩემს საპრეზიდენტო ვადას იმისთვის, რომ მოხდეს ხალხის ნების კიდევ ერთი დემონსტრირება და კიდევ ერთი გამარჯვება.


მე ვიცი დემოკრატიის ფასი, მაგრამ ასევე ვიცი თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიცრუის უზარმაზარ მანქანას, რომელიც ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ და დემოკრატია და სიმართლის დაცვა არა მხოლოდ არ გამორიცხავენ ერთმანეთს, არამედ ეს არის აბსოლუტურად ურთიერთშემადგენელი ნაწილები.


მე არ მინდა ჩვენ ვიყოთ ისეთი ქვეყანა, სადაც არსებობს რაიმე სახის შეზღუდვები დემოკრატიაზე, სადაც ცხადდება საგანგებო მდგომარეობები იმიტომ, რომ არსებობს გადატრიალების და არეულობების რეალური საფრთხე, სადაც წესდება შეზღუდვები მასმედიაზე იმიტომ, რომ მასმედია პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ ძალადობრივ სიტუაციაში.


მე მინდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, შემართული, გამარჯვების რწმენით ანთებული ერი და მე მინდა რომ ვიყო ამ ერის ლიდერი. მინდა ვიყო ამ ერის რჩეული, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია.


მე მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები, იმის ფონზე, რომ ჩვენ ჩავატარეთ ექვსი თავისუფალი არჩევნები, მას შემდეგ რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი.


მე ახლავე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი.


უახლოეს დღეებში საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გაუქმდება, იმიტომ რომ სიტუაცია დასტაბილურდა ძალიან ჩქარა, ძალიან ენერგიული მოქმედების შედეგად ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების.


ჩვენი ინსტიტუტები ისედაც ფუნქციონირებს და ყოველგვარი შეზღუდვები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობაზე, რა თქმა უნდა, მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, მთლიანად, ბოლომდე მოიხსნება.


ამავე დროს, იმისათვის რომ არ დარჩეს კითხვა, საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნები ეს ჩემი პრეროგატივაა, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების თარიღს, იმ პირობებში, როცა ჩვენ, რა თქმა უნდა ვთვლით რომ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს რუსეთის არჩევნების პარალელურად, მე მინდა ჩავატაროთ პლებისციტი, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, რათა ქართველმა ხალხმა თვითონ გასცეს პასუხი კითხვაზე: როდის უნდა არჩევნები, გაზაფხულზე… როდის უნდა დანიშნოს ის პრეზიდენტმა, გაზაფხულზე თუ უნდა დაინიშნოს ეს არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე.


მოდით, ნუ მივანდობთ ამას ნურცერთ ყველაზე მყვირალა პოლიტიკურ ჯგუფს. გადაწყვიტეთ ეს თქვენ – მთავარმა ბატონ-პატრონმა ამ ქვეყნის, ქართველმა ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ.



ბოლო თვეების განმავლობაში და მას შემდეგ რაც ტყუილების და არეულობის ფაბრიკა მთელი ძალით ამოქმედდა. საქართველო ორი ურთულესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა: ეს არის გამოცდა სიმტკიცეზე და გამძლეობაზე, და ეს არის გამოცდა დემოკრატიაზე.


მინდა გითხრათ, რომ სიმტკიცის გამოცდა ჩვენ ბრწყინვალედ, შთამბეჭდავი შედეგებით ჩავაბარეთ, როგორც ქართულმა სახელმწიფომ. ეს სიმტკიცის გამოცდა ჩააბარა ქართულმა საზოგადოებამ, ეს სიმტკიცის გამოცდა ჩააბარა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელმაც გამოიჩინა საოცარი კონსოლიდაცია.


ჩვენ ხომ ოთხი წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ საპარლამენტო უმრავლესობა. ჩვენ ხომ შევინარჩუნეთ მტკიცე კავშირი პარლამენტის სპიკერსა და პრეზიდენტს შორის. ეს ძალიან ცოტა ქვეყნებში ხდება.


ეს ნიშნავს იმას, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ეს კარგად გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებას და პოლიტიკური მმართველი ჯგუფის აბსოლუტურ უმრავლესობას. და ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა და განსაკუთრებული სიმტკიცის, და ასევე დემოკრატიზმის, გახსნილობის და ამავე დროს, ზუსტი შეგნების უტყუარი ნიშანი.


მეორე ტესტი, დემოკრატიაზე ჩვენ კიდევ ბოლომდე გვაქვს ჩასაბარებელი და არც ამ გამოცდას ჩაუბარებლად ნამდვილად არ დავტოვებთ. საქართველოს ძალა არის ის, რომ ჩვენ ყველა გამოცდას ვაბარებთ მთლიანად. ბევრის გასაკვირად, ყველა გამოწვევას ღირსეულად ვხვდებით და ყველა კრიზისიდან, ყველაზე უფრო, ამაზე ბევრად უფრო რთულ კრიზისებიდანაც და მართლა კრიზისებიდანაც გამოვედით ყოველთვის და ყოველთვის გამოვალთ უფრო გავძლიერდებით.


დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.


 


 


 


 


 


 

მსგავსი/Related

Back to top button