ახალი ამბები

ოპოზიციის დელეგატები ბურჯანაძეს ხვდებიან

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეხვედრა ოპოზიციის ექვს წარმომადგენელთან დაიწყო, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე.


შეხვედრას ესწრებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა, თინა ხიდაშელი და დავით ბერძენიშვილი  – რესპუბლიკელები, კახა კუკავა -კონსერვატორი, კოკა გუნცაძე – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ლევან გაჩეჩილაძე.


მმართველი პარტიის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებიან დეპუტატები გიგა ბოკერია, მაია ნადირაძე და ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა მიტინგზე გამოსვლისას დიალოგის დაწყება შეაფასა, როგორც საპროტესტო აქციის მიერ გამოღებული ”გარკვეულ შედეგი”.

თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ საპარლამენტო ფორმატში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი პრობლემა არასდროს ყოფილა, თუმცა ასევე აღნიშნეს, რომ დაგეგმილი შეხვედრა არ ნიშნავს, რომ ისინი კომპრომისზე წავლენ.


ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გამართვა, ნაცვლად შემოდგომისა. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ”დათმობა არ იქნება არცერთ საკითხში”. 

უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ გარკვეული საკითხების განხილვა ღირს. ”მაგრამ გარკვეული საკითხები ვერ განიხილება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,”- აღნიშნა მან.

მას მხედველობაში ჰქონდა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნა. გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ Civil.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შარშანდელი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე არჩევნების გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადატანა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმაც განაპირობა.


”ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვქონდა საგარეო პოლიტიკური მოსაზრებები, რომ არ დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და დროს, როცა მრავალი სხვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება. მათ შორის კოსოვოს საკითხის გადაწყვეტა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რაც რუსეთში შეიძლება იქნას მიღებული. კოსოვოს აღიარების შემთხვევაში საფრთხე არსებობს, რომ რუსეთში იქნას მიღებული  საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობის გადაწყვეტილებები,”- განაცხადა ბოკერიამ. 
 

Back to top button