ახალი ამბები

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეას უარყოფს

საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სურთ, რომ ქვეყანა გახდეს ნეიტრალური და უარი თქვას ჯარის მშენებლობაზე, თუმცა საქართველო არცერთი მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს, განაცხადა დღეს  პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონიალზე.


ბოლო დროს რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს საქართველოს ნეიტრალიტეტი სურს, რაც დაძაბული ორმხრივი ურთიერთობების განმუხტვის გასაღები გახდება. თუმცა ეს მოწოდება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ოფიციალური თბილისის განცხადებით, გადასინჯვას არ ექვემდებარება.


”მათი ორი მთავარი თემა, რომ საქართველო ნუ აქვს იარაღი და ჯარი და საქართველოს უნდა ჰქონდეს ნეიტრალიტეტი, ჩვენგან დახვდება ორ მტკიცე პასუხს: ჩვენ გვექნება თანამედროვე, არა მრავალრიცხოვანი, მაგრამ კარგად აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ისეთი, როგორიც საქართველოს არასდროს არ ჰყოლია თავის ისტორიის განმავლობაში  და ჩვენ ვიქნებით ყველა ჩვენი სამოკავშირეო ვალდებულების, დემოკრატიული სამყაროს კეთილმეზობლობის პრინციპების ერთგულები, ჩვენ არავის ისეთ ვალდებულებას არ მივცემთ, რომელიც შემდეგ ხელს შეგვიკრავს ჩვენ და ჩვენს მეგობრებს საქართველოს დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის და მომავლის დაცვაში,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 25 ოქტომბერს.


”ეს არის ჩემი პასუხი ყველას, ვინც აპირებს ამ იდეების თავზე მოხვევას ქართულ საზოგადოებაზე,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველო თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე რუსეთთან ურთიერთობებში შეცდომებს აღარ დაუშვებს.


”საქართველომ ნეიტრალიტეტზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი 1920 წელს რუსეთის იმპერიის სახეცვლილ ვარიანტთან  – ბოლშევიკურ რუსეთთან და 6 თვეში საქართველო იყო ხელახლა ოკუპირებული და დამონებული. მოვაწერეთ ხელი მაშინ იმიტომ, რომ პოლიტიკოსები თვლიდნენ ევროპა მაინც ვერ დაგვეხმარება და იქნებ ის ხალხს, ვისაც ჩვენი დაპყრობა უნდათ, დააკმაყოფილოს რომ საქართველომ თქვას, რომ უბრალოდ არის ნეიტრალური,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”მაგრამ ჩვენ არა ვართ ახალი ერი. ახალმა ერებმა შეიძლება შეცდომები დაუშვან იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ეს გამოცდილება”.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეებს დღევანდელი მთავრობის შეცვლა სურთ.


”იმიტომ, რომ ეს მთავრობა განსხვავებით 1921 წლის მთავრობისგან, არის მთავრობა, რომელსაც შეუძლია და და როცა იყო საჭირო მისცა ბრძანებები და მიცემს კიდევ მთავარ ბრძანებებს – ეს მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროს, როგორც სხვადასხვა ადამიანებმა საქართველოში, ასევე რაც მთავარი იმ ხალხმა, ვინც ცდილობს, რომ საქართველოს პრობლემები შეუქმნას,”- განაცხადა პრეზიდენტმა სამხედრო ოფიცრებთან შეხვედრაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button