არჩევნების ჩატარების თარიღზე კომპრომისი არ იქნება – ნადირაძე
დღეს არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომელიც შეცვლის გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარებასთან დაკავშირებით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 23 ოქტომბერს.
ათი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2008 წლის აპრილში მოითხოვს. გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად, 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბრის ვადაში გაიმართება. ამ ცვლილებამ ამჟამინდელ პარლამენტს უფლებამოსილების ვადა სულ ცოტა ექვსი თვით გაუხანგრძლივა, თუმცა ასევე შეამცირა სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი ვადა სამიდან ექვს თვემდე.
23 ოქტომბერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ გასულ წელს ამ გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლება ქვეყნის ყველაზე სასიცოცხლო ინტერესებით ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ამ ინტერესების ხარჯზე. თუმცა, ნადირაძემ არ დააკონკრეტა, რა ინტერესებზე იყო საუბარი.
”ჩვენ წინ დიდი ამოცანები გვაქვს. ამ საკითხთან [არჩევნების თარიღთან] დაკავშირებით დათმობაზე ვერ წავალთ, არა იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში კიდევ რამდენიმე თვე დავრჩეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობთ. ჩვენი მთავარი ამოცანების ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც არ მინდა, რომ ჩვენმა მტრებმა გაიგონ ამის შესახებ,” – განაცხადა ნადირაძემ.
”დიდ ამოცანებზე” საუბრისას, ოფიციალური პირები ძირითადად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობენ.
გასული წლის დეკემბერში, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი განიხილებოდა პარლამენტში, დეპუტატები მმართველი პარტიიდან ძირითადად საგარეო ფაქტორებით ხსნიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას 2008 წლის ბოლოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების თაობაზე.
დეპუტატები მმართველი პარტიიდან არ მალავენ, რომ არჩევნების ერთდროულად ჩატარება განაპირობა იმან, რომ მათ არ სურთ საპარლამენტო არჩევნები დაემთხვეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 2008 წლის მარტშია დაგეგმილი.
მმართველი პარტიის არგუმენტაციით, არსებობს ”სერიოზული რისკი” იმისა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნების მანიპულირებას შეძლებს, ან საქართველოში ”სერიოზულ პროვოკაციებს მოაწყობს”, რაც შიდა რუსულ მოხმარებაზე იქნება გათვლილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)