skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ სააკაშვილთან შეხვედრისთვის დელეგატები შეარჩია

ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა ხუთი პოლიტიკოსი შეარჩია და მათ პრეზიდენტ სააკაშვილთან დიალოგის წარმართვის უფლებამოსილება მიანიჭა.


ეს პოლიტიკოსები არიან: პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია, დეპუტატი კოკა გუნცაძე – მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, თინა ხიდაშელი რესპუბლიკური პარტიიდან, ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე.


”ჩვენი სურვილია, რომ პრეზიდენტი შეხვდეს ამ ხუთ ადამიანს, რომლებიც საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს სახელით ისაუბრებენ,” – განუცხადა თინა ხიდაშელმა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს, ”და გვინდა, რომ ეს შეხვედრა პრეზიდენტთან საჯარო იყოს და არა დახურული”.


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სახელზე გაგზავნილ წერილში, ოპოზიციური პარტიები ოთხ ძირითად მოთხოვნას აყენებენ, რომლებიც, მათი აზრით, შეხვედრების მთავარი თემა უნდა გახდეს:
 
• პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში – 2008 წლის გაზაფხულზე;
• არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
• მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
• გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები. 


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) დაკომპლექტების წესის შეცვლა ”აბსოლუტურად გამორიცხულია”.


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ მმართველი პარტია და პრეზიდენტი მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა ის ფორმა, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს, ხელს ვერ შეუწყობს ამ პროცესს.


იმავდროულად, ოპოზიციური პარტიების ჯგუფი განაგრძობს მზადებას 2 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის.


18 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია შეხვედრა პედაგოგებთან, რასაც მოყვება შეხვედრები ექიმებთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების ვეტერანებთან.


19 ოქტომბერს დაგეგმილია ქუთაისში გამგზავრება. შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აჭარას, გურიას და სამეგრელოს ეწვევიან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button