მოსკოვი ორი სამშვიდობოს ”უპირობო” გათავისუფლებას კვლავაც მოითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებზე შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ის ფაქტი, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თბილისი არ ათავისუფლებს 29 აგვისტოს დაკავებულ რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ჩრდილოეთ ოსურ სამშვიდობო ბატალიონში მსახურობდნენ.
ტარიელ ხაჩიროვსა და ვიტალი ვალიევს, რომლებზეც ქართული მხარე ირწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი არიან, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 30 აგვისტოს შეუფარდა. მათ ბრალად ედებათ 26 და 27 აგვისტოს საქართველოს სამი მოქალაქის, მათ შორის 13 წლის ბიჭის და ასევე ”რუსთავი 2”-ისა და ”მზის” გადამღები ჯგუფების უკანონოდ დაკავება.
სამხედროების გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვმა თბილისს პირველად 3 სექტემბერს მიმართა, მეორე ნოტა კი 11 სექტემბერს გამოუგზავნა.
”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დემარშების და თბილისში რუსეთის საელჩოს დაჟინებითი მიმართვის მიუხედავად, ჩვენი სამხედროები ამ დრომდე არ არიან გათავისუფლებულები. რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებს მათი მონახულების უფლება არ ეძლევათ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 13 სექტემბერს.
სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ არ მიუღია ქართველი კოლეგებისაგან ახსნა-განმარტება ”სამშვიდობოების წინააღმდეგ ქართველი სამართალდამცავების ძალადობრივი ქმედებების თაობაზე”.
მოსკოვი კვლავაც მოითხოვს დაკავებულების ”დაუყოვნებლივ” და ”უპირობო” გათავისუფლებას, ასევე მათი დაკავების მოტივის ოფიციალურ დონეზე ახსნას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)