ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 1.3 მილიარდ ლარამდე იზრდება

2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 450 მილიონი ლარით გაიზრდება. ამ თანხის უდიდესი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე მოდის, რის შედეგადაც თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

ამ ცვლილების შედეგად, რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოდ სექტემბერში მიიღებს, 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 4.92 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

დამატებითი დაფინანსების ძირითადი ნაწილი, 320 მილიონი ლარი თავდაცვის სამინისტროში რეფორმების განხორციელებას მოხმარდება, რაც ნატოში ინტეგრაციის მიზნით ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 29 აგვისტოს.

”ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის სამინისტროს რეფორმას იმისათვის, რომ თავდაცვის სამინისტრო მიუახლოვდეს, რაც შეიძლება სწრაფად ნატოს სტანდარტებს და შესაბამისად შესრულებული იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ამოცანა -ნატოში გაწევრიანება”, – განუცხადა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.

ბოლო სამი თვის მანძილზე ეს უკვე მეორე ცვლილებაა 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. პარლამენტმა ცვლილებების პროექტი ჯერ კიდევ ივნისში დაამტკიცა, რომლის მიხედვით ბიუჯეტის ხარჯები 600 მილიონი ლარით გაიზრდა და ხარჯების საერთო მაჩვენებელმა 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია. მაშინაც დაფინანსების უდიდესი წილი – 442 მილიონი ლარი – თავდაცვის სამინისტროს გამოეყო.

სავარაუდოდ, დამატებითი თანხები იარაღისა და საბრძოლო მასალების შესყიდვას მოხმარდება, როგორც ეს თავდაცვის ბიუჯეტის წინა ზრდის დროს მოხდა.

საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას სამხედრო შესყიდვების თაობაზე საჯაროს არ ხდის, რის გამოც ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებს. თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველო გამანადგურებლების შეძენას აპირებს ”საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად”.

ამ განცხადებამდე ოთხი დღით ადრე თბილისმა განაცხადა, რომ რუსული სუ-24 ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად ანტი-სარადარო რაკეტა ჩამოაგდო. საქართველოს ამჟამად სუ-25 ტიპის თვითმფრინავები ჰყავს, რომლის დანიშნულებაც სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მიტანაა.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარტინ ბარტაკმა მაისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან სულ ცოტა ათი L-159 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის მიყიდვის თაობაზე. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია დასრულდა თუ არა მოლაპარაკებები ამ საკითხზე. 

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ უკრაინისგან შეიძინა OSA-ს ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა თავისი რაკეტებით, ასევე AGS-17 ტიპის 60 ავტომატური ყუმბარმტყორცნი და კალაშნიკოვის AK-47 და AKM ტიპის 20 000 ცეცხლსასროლი იარაღი. 

მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებელი გახდა ქვეყანაში შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდის შედეგად. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლომდე მინიმუმ 12% იქნება, მაშინ როცა თავდაპირველად 7-7,5%-იანი ზრდა იგეგმებოდა.

ბიუჯეტის ზრდის შედეგად დამატებით თანხებს ასევე მიიღებენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button