ახალი ამბები

კოკოითი: თბილისში შსკ-ს სხდომა არ გაიმართება

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება უარს აცხადებს 9-10 აგვისტოს თბილისში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მონაწილეობაზე, რადგან სამხრეთ ოსურმა მხარემ ვერ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 3 აგვისტოს.


”მოსკოვი, ვლადიკავკაზი, ცხინვალი და ნებისმიერი სხვა ქალაქი, მხოლოდ თბილისი არა. ჩვენ არ შეგვიძლია გავაგზავნოთ ჩვენი დელეგაცია, რადგან ეუთოს მისიამ უარი თქვა მისცეს უსაფრთხოების გარანტიები შსკ-ს სამხრეთ ოსურ მხარეს, იმიტომ რომ ვერ მიიღო სათანადო გარანტიები საქართველოს ხელისუფლებისაგან,”- იტყობინება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


თბილისში შსკ-ს სხდომა ეუთოს მისიის ოფისში იგეგმებოდა.


შსკ-ში მონაწილეობაზე ცხინვალის უარი მოჰყვა განუხორციელებელი ტერაქტის ირგვლივ ატეხილ ხმაურს. სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ მათ თავიდან აიცილეს კოკოითის წინააღმდეგ ტერაქტი, რომელსაც, მათი თქმით, ქართული სპეცსამსახურები გეგმავდნენ.


”სააკაშვილს და მის გარემოცვას არ შეუძლიათ ნორმალური, ცივილიზებული დიალოგის წარმართვა და გადადიან პრობლემების დივერსიულ-ტერორისტული მეთოდებით გადაჭრაზე,”- განაცხადა კოკოითმა 3 აგვისტოს და დასძინა, რომ ცხინვალი დაჟინებით მოითხოვს ტერაქტების მზადების საერთაშორისო გამოძიებას.


თუმცა თბილისში სეპარატისტების განცხადებებს ”სისულელე” უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს ბრალდებები მიზნად ისახავდა თბილისში შსკ-ს სხდომის ჩაშლას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button