skip to content
ახალი ამბები

მინისტრები კოდორის ხეობას სტუმრობენ

საქართველოს ხელისუფლება 26 ივლისს ზემო კოდორის ხეობაზე სრული კონტროლის აღდგენის ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს.


თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე  უკვე ზემო კოდორის ხეობაში იმყოფებიან, სადაც 26 ივლისს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივი ოფისი გაიხსნება.


საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლი გასული წლის ზაფხულში, ამბოხებულ ემზარ კვიციანზე გამარჯვების შემდეგ აღადგინა.     


ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხეობაში თავისი ძალები 25 ივლისს გააგზავნა მას შემდეგ, რაც გასამხედროებული ჯგუფის ”მონადირის” მეთაურმა ემზარ კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 ივლისს მომხდარი შეტაკების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი დაიჭრა.


26 ივლისს ცენტრალურმა ხელისუფლებამ განაცადა, რომ ისინი ხეობის ძირითად ნაწილს აკონტროლებდნენ, ხოლო კვიციანი სამთავრობო ძალებს ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული.


27 ივლისს ადგილობრივი მაცხოვრებელი ქალბატონი გარდაიცვალა სოფელ ჩხალთაში ყუმბარის აფეთქების შედეგად. სწორედ ამ სოფელში ჰყავდათ კვიციანი ალყაში მოქცეული. ოფიციალური განცხადებით, იმისათვის რომ თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის, სამართალდამცავებმა კვიციანს და მის მომხრეები დერეფანი გაუკეთეს და ალყაშემორტყმული სოფლიდან გაუშვეს. ამჟამად, იგი სამშობლოს ღალატის ბრალდებით იძებნება.   


კონტროლის აღდგენის შემდეგ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შტაბბინა ხეობაში გადაიტანა, რამაც აფხაზური მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. სოხუმმა თბილისთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და განაცხადა, რომ მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს დიალოგს, რაც ხეობაში ერთი წლის წინ არსებული სტატუს კვო აღდგება. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button