skip to content
ახალი ამბები

ლინდენი სანაკოევს, ცხინვალის სეპარატისტულ ხელისუფლებას შეხვდა

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რენე ვან დერ ლინდენს 6 ივლისს ბათუმში შეხვდა, იუწყება დროებითი ადმინისტრაციის პრესსამსახური 7 ივლისს.


წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ქურთაში უნდა შემდგარიყო, სადაც დროებითი ადმინისტრაციის ოფისია განთავსებული.


დიმიტრი სანაკოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების დროებითი ადმინისტრაციის ხედვა გააცნო.


”ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი გზა განვითარების და ამ პრობლემის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა,” – იუწყება დროებითი ადმინისტრაციის პრესსამსახური დიმიტრი სანაკოევის სიტყვებზე დაყრდნობით.


ამაცე ცნობით, მხარეების მოსაზრებები დაემთხვა იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში ”უაზრო ბლოკადები და სროლები უშლიან ხელს კონფლიქტის დარეგულირებას”.


დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ცხინვალს ეწვია, სადაც  სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 7 ივლისს იტყობინება, რომ ცხინვალში გამართულ ამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ”დიდი მნიშვნელობა” არ ქონდა.


იმავდროულად, ”რია ნოვოსტი” იტყობინება, რომ რენე ვან დერ ლინდენს ცხინვალის მოსახლეობა საპროტესტო აქციით შეეგება. ამავე ცნობით, აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ევროპის საბჭოს მხარდაჭერას სანაკოევის მიმართ და კონფლიქტის მხარედ მხოლოდ ედუარდ კოკოითის რეჟიმის აღიარებას ითხოვნდენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button