საგადასახადო ცვლილებების გარშემო უთანხმოება გრძელდება
ოპოზიციის განცხადებით, ის ცვლილებები, რომელთა შეტანასაც ხელისუფლება საგადასახადო კოდექსში გეგმავს, გამოიწვევს საგადასახადო ტვირთის დამქირავებლიდან დაქირავებულზე გადატანას.
ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა 8 ივნისს განიხილა, ითვალისწინებს 20%-იანი სოციალური გადასახადის გაუქმებას, რომელსაც ამჟამად დამქირავებელი იხდის და მის ნაცვლად გაზრდილი საშემოვალო გადასახადის დაწესებას, რის შედეგადაც დაქირავებულებს ახლანდელი 12%-ის ნაცვლად 25%-ის გადახდა მოუწევთ.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ეს ინიციატივა ჩვეულებრივ მუშაკებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს, ხოლო დამქირავებლებს გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს.
თუმცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა უარყო ამგვარი პრეტენზიები. მისი თქმით, იმ სახსრებით, რომლებიც დამქირავებლებს სოციალური გადასახადის არგადახდით დაუგროვდებათ, მათ საშუალება მიეცემათ უფრო მაღალი ხელფასები შესთავაზონ თანამშრომლებს.
შემოთავაზებული ცვლილების შედეგად ხაზინა ყოველწლიურად 50 მილიონ ლარს დაკარგავს.
საგადასახადო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება – მოგების გადასახადი 20%-დან 15%-მდე შემცირდება – ასევე გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას 130-140 მილიონი ლარის ოდენობით.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა განაცხადა, რომელმაც კანონპროექტი პარლამენტს პირველი მოსმენით წარუდგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)