ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის მთლიანმა შემოსავლებმა (დღგ-ს ჩათვლით) 2006 წელს 1 მლრდ ლარს გადააჭარბა. საერთო შემოსავლები 2005 წელთან შედარებით 292,6 მლნ ლარით გაიზარდა და ქვეყნის მშპ-ის 7.5% შეადგინა, მაშინ როცა 2005 წელს ეს მაჩვენებელი 6.2%-ს შეადგენდა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშში.
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მთლიანი შემოსავლების თითქმის 65%-იანი წილი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სეგმენტზე მოდის, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2005 წელს 59.4%-ს შეადგენდა. შემდეგ მოდის ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება 29.9%-ით, 2005 წლის 35.2%-ის ნაცვლად და ტელე და რადიო მაუწყებლები 5.22%-ით, 2005 წლის 4.43%-ის ნაცვლად.
2006 წელს მობილური სატელეფონო ოპერატორების შემოსავლები 650 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა 2005 წელს 425 მილიონი ლარი შეადგინა.
2006 წელს მობილური სატელეფონო ქსელის აქტიური აბონენტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 45%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1 მილიონ 704 ათასი შეადგინა, ნათქვამია ანგარიშში.
გასული ათწლეულის მანძილზე საქართველოში მხოლოდ ორი მობილური სატელეფონო ოპერატორი კომპანია ფუნქციონირებდა – ჯეოსელი და მაგთი; თუმცა, 2007 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე რუსული ”ვიმპელკომი” შემოვიდა სახელწოდებით ”ბილაინი”.
2006 წელს ფიქსირებული სატელეფონო ოპერატორების შემოსავლებმა დაახლოებით 299 მილიონი ლარი შეადგინა, ნაცვლად წინა წლის 252 მილიონი ლარისა, ხოლო აბონენტების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და 553,000 შეადგინა.
ტელე და რადიო კომპანიების საერთო შემოსავლები 31,7 მილიონი ლარიდან (2005 წელი) 52.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2006 წელს. ”ეს სექტორი მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბდა,” – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში 37 ტელეკომპანიაა, მათ შორის 6 თბილისში; და 27 რადიოსადგური, მათ შორის 18 – თბილისში.
ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 2005 წელს არსებული 19.8 მილიონიდან 26.15 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, ასევე გაიზარდა საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა: ADSL-ის აბონენტთა რაოდენობა 81%-ით გაიზარდა და 27,700 შეადგინა.
გასულ წელს სამი ძირითადი ინტერნეტის პროვაიდერი კომპანია – სანეტი, ჯორჯია ონლაინი და კავკასუს ნეთვექი – გაერთიანდა, რის შედეგადაც ისინი ბაზრის 90%-ს აკონტროლებენ. თუმცა, ბევრი მომხმარებელი ამ გაერთიანების შემდეგ მომსახურების ხარისხის გაუარესებაზე გამოთქვამს პრეტენზიებს. ინტერნეტ ბაზარზე ასევე ფუნქციონირებს კიდევ ოთხი სხვა კომპანია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)