skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში: სტუდენტების გათავისუფლება კეთილი ნების ჟესტი იყო

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, აფხაზური მხარის მიერ 3 მაისს სამი ქართველი სტუდენტის განთავისუფლება კეთილი ნების ჟესტი იყო. ის თბილისისგან სანაცვლოდ გალის ადმინისტრაციის წარმომადგენლის დავით სიგუას გათავისუფლებას ითხოვს.


”ეს კეთილი ნების აქტია, რომლითაც აფხაზურ მხარეს სურს დემონსტრირება მოახდინოს, რომ უნდა გათავისუფლდეს საქართველოში უკანონოდ დაკავებული ყველა აფხაზეთის მოქალაქე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ადეკვატურად აღიქვამენ ჩვენ ჟესტს და ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნების გარეშე გადმოგვცემენ მოქალაქე დავით სიგუას. ზუსტად ამ მიზნით მე, როგორც აფხაზეთის პრეზიდენტმა, გავათავისუფლე ქართველი სტუდენტები,”- იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი 4 მაისს სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


მან ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს ადამიანების ბედით არ გაიკეთონ პიარი, რადგან ”უნდა გაითვალისწინონ, რომ რაღაც მომენტში აღარ ეყოფათ ორდენები ყველა დაკავებულისთვის”.


აფხაზურმა მხარემ ორთვიანი პატიმრობის შემდეგ სამი სტუდენტი 3 მაისს შუადღის შემდეგ გაათავისუფლა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისინი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, სტუდენტები მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ამ საქმეში პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად ჩაერია და შესაბამისი საუბარი გამართა აფხაზურ მხარესთან.


რაც შეეხება სამი თვის წინ გაუჩინარებულ დავით სიგუას, ოფიციალური თბილისი ქართული სპეცსამსახურების მიერ მის დაკავებას კატეგორიულად უარყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button