თბილისი მოუწოდებს მოსკოვს ადეკვატური იყოს შეფასებებში
ქართული მხარის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოს სეპარატისული რეგიონების ლიდერების და ოფიციალური მოსკოვის მიერ თბილისის მისამართით გაკეთებული ”პოლიტიკური აქცენტები აბსოლუტურად იდენტური შინაარსის მატარებელია”.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის კომენტარში, ისევე როგორც კოკოითი-ბაღაფშის 21 აპრილის განცხადებაში გაკრიტიკებულია თბილისის მცდელობები ”მარიონეტული” მთავრობების როლის გაზრდის თაობაზე და მინიშნებულია, რომ ნატოში გაწევრიანება ძალიან დააშორებს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას.
თუმცა ქართული მხარე აღნიშნავს, რომ მისი ყველა ინიციტივა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით ყველა რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას ისახავს მიზნად.
”ამ კონტექსტში, საქართველოს მხარემ არაერთგზის განაცხადა მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგზე ცხინვალის რეგიონის ყველა პოლიტიკურ ძალასთან, … მათ შორის, პირველ რიგში, დიმიტრი სანაკოევის მოძრაობა – “სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისათვის”, რომელიც რეალურად გამოხატავს რეგიონის ოსური და ქართული მოსახლეობის უმრავლესობის ნებას,” – ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა თბილისი ამავდროულად ცდილობს იყოს მოქნილი ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობის მიმართ და მიუხედავად არსებული მოლაპარაკებათა ფორმატის არაეფექტურობისა, ”პროცესში პაუზის არდაშვების მიზნით”, მონაწილეობს მოლაპარაკებების პროცესში.
რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილს, ”რუსეთის მხარის მიერ კონფლიქტების მოგვარების კონტექსტში ამ თემის შემოტანა წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში სტატუს-ქვოს შენარჩუნების, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულრებისა და საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის თავისუფალი არჩევნის განხორციელებისათვის ხელის შეშლის მცდელობას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)