skip to content
ახალი ამბები

თბილისში ყარსი–ბაქო რკინიგზის პროექტზე მსჯელობენ

დღეს თბილისში ყარსი–ახალქალაქი–თბილისი–ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.


უკვე გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც ქართულ მხარეს საქართველოს პრემიერ –მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი,  ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი არველაძე და შპს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია წარმოადგენენ, აზერბაიჯანულს კი ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და  რკინიგზის ხელმძღვანელი არიფ ასკეროვი, რომლებიც თბილისს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ.


ეს მოლაპარაკებები 25 დეკემბერს ზურაბ ნოღაიდელის ბაქოში ვიზიტის დროს დაიგეგმა.


“ჯერ–ჯერობით ეს არის საწყისი ეტაპი მოლაპარაკებების… ეს არის ჩვენთვის ძალიან სტრატეგიული პროექტი. შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ.


აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის ზია მამედოვის თქმით, აზერბაიჯანული მხარე მზად არის დააფინანსოს პროექტი.


“დღის განმავლობაში გაირკვევა რაზე შევთანხმდით და გაცნობებთ. ფინანსების მხრივ პრობლემა არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის მთავრობა მზად არის დააფინანსოს ეს პროექტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზია მამედოვმა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ამჟამად მოლაპარაკებების ძირითადი საგანია 220 მლნ დოლარიანი კრედიტი, რომელზეც აზერბაიჯანი მზადაა რომ საქართველოს 25 წლით გამოუყოს.


სხვადასხვა მონაცემებით, ყარსი–ახალქალაქი–თბილისი–ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას 400–დან 600 მლნ აშშ დოლარამდე თანხა დასჭირდება.

სავარაუდოდ მხარეები სარკინიგზო პროექტზე, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით თურქეთს დაუკავშირებს,  რამდენიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება 160 კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობის შესახებ 2005 წლის 25 მაისს გააკეთეს.

პროექტი ითვალისწინებს ყარსსა და ახალქალაქს შორის რკინიგზის მშენებლობას და ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაციას.

სამხრეთ კავკასიაში ახალი სარკინიგზო მარშრუტის მშენებლობას სომხეთი წინააღმდეგობას უწევს იმ მოტივით, რომ ეს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს ქვეყანას. სანაცვლოდ, ერევანი უკვე არსებული ყარსი–გიუმრი–თბილისის რკინიგზის გახსნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ამჟამად უმოქმედოა თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისთვის გამოცხადებული ბლოკადის გამო.

ამასთან, აშშ–ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 20 დეკემბერს ხელის მოაწერა კანონს, რომელიც უკრძალავს აშშ–ს ექსპორტ–იმპორტ ბანკს პროექტის დაფინანსებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button