მანდარინით მოვაჭრეებმა ტრანკავკასიური მაგისტრალი გახსნეს
სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა, რომელთაც სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში მანდარინი გადაჰქონდათ, 9 იანვარს გახსნეს ტრანსკავკასიური მაგისტრალი და ცხინვალში დაბრუნდნენ.
ხუთი დღის განმავლობაში 60-მდე სატვირთო ავტომანქანას ჩრდილოეთ ოსეთის ქვემო ზარამაგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჰქონდა ჩაკეტილი. მათ რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება არ მისცეს იმის გამო, რომ ჯერ ისევ მოქმედებს რუსეთის აკრძალვა ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე.
ქართული მედიის ცნობით, მანქანები მას შემდეგ დაბრუნდნენ ცხინვალში, რაც ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააპატიმრეს. თუმცა, რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ ეს სამი პიროვნება მხოლოდ დაკითხეს.
სატვირთო მანქანების მძღოლებმა და მანდარინის მფლობელებმა, ძირითადად სამხრეთ ოსეთიდან, ეს პროდუქტი დასავლეთ საქართველოში იყიდეს, რათა შემდეგ ის ჩრდილოეთ ოსეთში გაეყიდათ, სადაც მანდარინის ფასი, გავრცელებული ინფორმაციით, გაორმაგდა.
ოს ვაჭრებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსული აკრძალვა არ შეეხებოდათ, რადგანაც მათ რუსული პასპორტები აქვთ და ისინი როკის გვირაბის გავლით ცდილობდნენ რუსეთში შესლვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)