skip to content
ახალი ამბები

თბილისი შსკ–ს არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე თანახმაა

ქართული მხარე მზად არის მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების “არაოფიციალურ შეხვედრაში“. შეხვედრის დეკემბრის ბოლოს ჩატარების ინიციტივით ცხინვალი გამოვიდა.


“საქართველოს მხარემ არაერთხელ გააჟღერა საკუთარი პრინციპული პოზიცია შერეული საკონტროლო კომისიის არაეფექტური ფორმატის მიმართ. ამის მიუხედავად მოლაპარაკებების პროცესში ხანგრძლივი პაუზის გამო შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა თანათავმჯდომარეთა არაოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე“, – ნათქვამია 19 დეკემბერს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამასთან, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს “კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას კონფლიქტის სრულმასშტაბიან, პოლიტიკურ მოგვარებაში დაინტერესებულ ყველა ძალასთან, რომელიც ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის სახელით მოქმედებს“.


სახელმწიფო მინისტრის აპარატს სავარაუდოდ მხედველობაში ჰყავდა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილმა 12 ნოემბერს აირჩია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button