პარლამენტმა სავალდებულო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სარეზერვო სამსახურის სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, მამაკაცები 27-დან 40 წლამდე (თავდაპირველად, მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი 50 წელი იყო) ვალდებულნი იქნებიან გაიარონ რეზერვისთა მომზადების 18-დღიანი კურსები.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ, რომელმაც 8 დეკემბერს კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა, განაცხადა, რომ 2007 წელს 20 000 რეზერვისტის მომზადებაა გათვალისწინებული.
კანონპროექტის თანახმად, პიროვნებას შეუძლია თავიდან აიცილოს სავალდებულო სარეზერვო სამსახური იმ შემთხვევაში, თუ 180 ან 200 საათს ალტერნატიულ სამსახურში იმუშავებს.
პირველად აცილების შემთხვევაში, პიროვნება დაჯარიმდება 1000 ლარით. ხოლო თუ ეს ფაქტი მეორედაც განმეორდება, პიროვნებას ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
სურვილის შემთხვევაში სარეზერვო სამსახურის გავლა ქალბატონებსაც შეეძლებათ.
კანონპროექტი არ ვრცელდება მასწავლებლებზე, ექიმებზე, რკინიგზის ტექნიკურ პერსონალზე, მოსამართლეებზე, დიპლომატებზე, სასულიერო პირებსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებზე. ნიკა რურუას განცხადებით, მოსავლის აღების პერიოდში არ მოხდება გლეხების გაწვევა.
მომზადების პროგრამას და გაწვევის სქემას თავდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.
“ეს ინიციატივა დამატებით დაფინანსებას მოითხოვს [თავდაცვის სამინისტროსთვის]“, – განაცხადა დეპუტატმა ნიკა რურუამ, თუმცა თანხა არ დაუკონკრეტებია.
ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ინიციატივა არის “ტოტალური და უპირობო თავდაცვის დოქტრინის” ნაწილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ახალი დებულების სახით შევიდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)