მოსკოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის არჩევნები და რეფერენდუმი ანგარიშგასაწევია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 ნოემბერს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში “ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით“ ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი ერთადერთი სამართლიანი საარჩევნო პროცესი იყო.
“ამდენად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, ჩვენ მოცემულ სიტუაციაში საქმე გვაქვს სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვასთან დემოკრატიული პროცედურების მეშვეობით. და როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოში და რიგ დასავლურ სახელმწიფოებში ამ პროცესის მნიშვნელობის დაკნინებას, ამას მაინც ნიშანდობლივი ხასიათი აქვს. ამის მხედველობაში არ მიღება არაშორსმჭვრეტელური იქნება“, – აცხადებს 13 ნოემბერს ოფიციალური მოსკოვი.
ევროკავშირმა, ეუთომ, ნატომ, ევროპის საბჭომ და აშშ–მ სამხრეთ ოსეთის ე.წ არჩევნები და რეფერენდუმი დაგმეს.
რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში სამხრეთ ოსეთის არჩევნების “დემოკრატიულობის“ არგუმენტი ეყრდნობა საერთაშორისო დამკვირვებელთა წინასწარ შეფასებებს.
“საერთაშორისო დამკვირვებელთა აზრით, სამხრეთ ოსეთის არჩევნების ორგანიზებულობა და გამჭვირვალობის დონე შეშურდებოდა ბევრ დამოუკიდებელ ქვეყანას ევროპასა და ამერიკაში“, – აცხადებს რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რაც შეეხება რეგიონში ჩატარებულ ალტენატიულ არჩევნებს, რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს “შოუ“ “ავანტიურისტების“ მიერ იყო დადგმული.
“ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლების მოსახლეობის გამო, რომლებიც გახდნენ მძევლები ავანტიურისტების ხელში, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს პარალელური ალტერნატიული არჩევნებსს და ამავდროულად შეეცადნენ ხელი შეეშალათ ნების თავისუფლად გამოხატვისათვის ერთადერთი სამართლიანი საარჩევნო პროცესის მეშვეობით, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)