
თბილისი სამხრეთ ოსეთის არჩევნებისა და რეფერენდუმის ლეგიტიმურობას არ ცნობს
ქართული მხარე თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში 12 ნოემბერს დაგეგმილი რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს.
“ამგვარი “რეფერენდუმისა“ და “არჩევნების” იდეა თავისი არსით სეპარატისტულია, არ ითვალისწინებს კონფლიქტის რეგიონის მთელი მოსახლეობის ინტერესებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 ნოემბრის განცხადებაში, რომელიც რუსი კოლეგების მიერ გაკეთებული ოფიციალური კომენტარის საპასუხოდ გავრცელდა.
10 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ნოემბერს ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფერენდუმი და არჩევნები “სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის” შესაბამისად ტარდება, ალტერნატიული არჩევნების უკან კი ქართული სპეცსამსახურები დგანან, რომელთა მცდელობამ ალტერნატიული ხელისუფლების შექმნის თაობაზე რეგიონი შესაძლოა სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.
“რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის ზონაში დაგეგმილ ღონისძიებებს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
ქართული მხარე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კონფლიქტის მოწესრიგებაში მოსკოვი არ წარმოადგენს მიუკერძოებელ მხარეს და მისი მცდელობა რეგიონში ესკალაციას ისახავს მიზნად.
“[რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს]კომენტარში გაკეთებული პროგნოზები მიმართულია როგორც ოსების, ისე ქართველების წინააღმდეგ და წარმოადგენს რეგიონის მოსახლეობის მძევლად ქცევის მცდელობას… ვარწმუნებთ რუსეთის მხარეს, რომ მისი “შავბნელი წინასწარმეტყველებების“ “მატერიალიზაციას“ საქართველო არ დაუშვებს“, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.
ქართულ მხარეს კიდევ აქვს იმედი, რომ რუსეთი გახდება კონფლიქტის მშვიდობიანი “დარეგულირების პროცესის ხელშემწყობი და არა მისი მოწინააღმდეგე“.