skip to content
ახალი ამბები

პრესა რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებზე

რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობა ორივე ქვეყნის 3 ოქტომბრის საგაზეთო პუბლიკაციების მთავარი თემაა.


რეზონანსი


“კრემლმა, როგორც ჩანს, არ იკმარა რუსი ოფიცრების გათავისუფლება და საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უკვე აამოქმედა. რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია დაიწყო, ამავე დროს, გადაიკეტა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლა. ქართულ-რუსული ურთიერთობა ჩიხში შევიდა, აშკარაა, რომ რუსეთმა საქართველოს სილის გაწნა არ აპატია“.


24 საათი


“ჯაშუშების სკანდალი საქართველოსა და რუსეთს შორის დასრულდა, თუმცა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მწვავდება. საერთაშორისო ზეწოლის წყალობით რუსი ოფიცრები სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა, რუსეთ საქართველოს სამაგალითოდ დასჯა არ გადაუფიქრებია და ქვეყნის სრულ ბლოკადაში მოქცევა აქვს გადაწყვეტილი… ნებისმიერი დათმობა, მით უმეტეს პატარა ქვეყნის მხრიდან, მათთვის სისუსტის ნიშანია. ხოლო სისუსტეს, ისინი ბოლომდე აწვებიან. მართალია, ქუჩის ხულიგნის მენტალიტეტის საჯაროდ დემონსტრირებას რუსეთისთვის ბევრი სიკეთე არც აქამდე მოუტანია, მაგრამ საზოგადოების და ელიტის აზროვნების ინერცია თავად რუსეთის შიგნით მოსკოვს მხოლოდ ასეთი მოქმედების საშუალებას უტოვეს“.


კომერსანტი


კრემლმა უკვე დაუწესა საქართველოს მთელი რიგი სანქციები და თბილისის მხრიდან დაშვებული კომპრომისი ვეღარ შეაჩერებს ჩართულ მანქანას… გადაწყვეტილება საქართველოსთან სატრანსპორტო-საფოსტო ომის დაწყების თაობაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს კვირის [1 ოქტომბერი] გაფართოებულ სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი თავმჯდომარეობდა. როგორც ცნობილი გახდა, სხდომაზე ასევე განიხილეს ოთხი რუსი ოფიცრის გათავისუფლების სპეცოპერაციის გეგმაც. თუმცა, მას შემდეგ რაც თბილისმა განაცხადა, რომ ოფიცრების გადმოცემას გეგმავს, სპეცოპერაცია აღარ შედგა და თბილისს სანქციები დაუწესდა… ერთ-ერთმა წყარომ კრემლიდან განაცხადა, რომ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ არ იყო პასუხი რუსი ოფიცრების დაპატიმრებაზე, არამედ ეს იყო პასუხი საქართველოს მთლიან საგარეო პოლიტიკაზე… იგივე წყარო ეჭვს გამოთქვამს, რომ სანქციები, მიუხედავად საქართველოს მიერ პოზიციების შერბილებისა, მაინც არ გაუქმდება. “იმისათვის, რომ მომავალში ამგვარი სანქციები იქნას თავიდან აცილებული, ჩვენ გარანტიები გვჭირდება. არავინ არ გამართავს შენთან მოლაპარაკებებს, თუ ქუჩის ხულიგანივით მოიქცევი. თანაცხოვრების სხვადასხვა გზები არსებობს და “ცივი მშვიდობა“ ერთ-ერთი მათგანია“, -განუცხადა კრემლის წყარომ “კომერსანტს“.


მოსკოვსკი კომსომოლეცი


საქართველოში დაპატიმრებული რუსი ოფიცრების უცაბედი გათავისუფლების შემდეგ შეიძლება შვებით ამოისუნთქო. … მაგრამ ეს არ ნიშნავს ომში ან ბრძოლაში გამარჯვებას. ყველაზე საინტერესო წინ გველის… ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, სააკაშვილი და თავად საქართველო თავისი არაღიარებული რესპუბლიკებით არის პაიკი გრანდიოზულ გეოპოლიტიკურ თამაშში. ამ თამაშის მიზანია რაც შეიძლება მეტ ენერგორესურსებზე კონტროლის დამყარება. ვაშინგტონის მიზანი ამ ეტაპზე არის საქართველოს საბოლოო ჩამოშორება რუსეთისგან და მისი [საქართველოს] გადაქცევა ამერიკის მთავად პლაცდარმად სამხრეთ კავკასიაში.              


კომსომოლსკაია პრავდა


“კვირის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს უწოდა “სახელმწიფო ტერორიზმი მძევლების აყვანით“ – ეს შეფასება კარგს არაფერს უქადის თბილისს. პუტინს ამგვარი მკაცრი სიტყვებით ჯერ არცერთი ლიდერის მისამართით არ უსაუბრია… თავად სააკაშვილმაც იგრძნო კრემლის ეს მკაცრი პოზიცია. როგორც ჩანს, პუტინის განცხადებამ სააკაშვილზე შთაბეჭდილება მოახდინა. ბიჭმა, რომელიც ქვებს ისროდა დათვის ბუნაგში, დაინახა, რომ დათვი შეწუხდა და ასადგომად მოემზადა. თუმცა, მას გასაქცევი არსად აქვს. ნატო შორს არის, ევროკავშირი ნეიტრალურია; გაეროს გენერალური მდივანმა კი – რაც მოულოდნელი იყო -დაგმო რუსი ოფიცრების დაკავება“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button