skip to content
ახალი ამბები

ეუთო ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა გუშინ შეშფოთება გამოხატა 3 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს ოსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა.


“დამამშვიდა იმ ფაქტმა, რომ გუშინდელ სერიოზულ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა კარელ დე გუხტმა და მხარეებს დიალოგის გაძლიერებისკენ მოუწოდა.


“ცეცხლის გახსნა საფრენი აპარატისთვის, რომელიც შერეული სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალის თავზე მიფრინავს და ამ სივრცეში დაბალ სიმაღლეზე ფრენების განხორციელება, ეწინააღმდეგება მხარეების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით აღებულ ვალდებულებებს”, – განაცხადა მან.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მხარეებს შორის კონფლიქტის ზონის საჰაერო სივრცეში ფრენების აკრძალვის თაობაზე მიღწეული შეთანხმებებისა, არ არსებობს საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული “არასაფრენი ზონა“ იმ რეგიონში, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილია.


“ამიტომ, საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც დანაშაულებრივი ქმედება. ცალსახაა, რომ ამგვარი ინციდენტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, თუ როგორი მყიფეა სიტუაცია და რომ  აუცილებელია მხარეებისთვის გამოიჩინონ თავშეკავება და აიღონ პასუხისმგებლობა შედეგებზე ორიენტირებული დიალოგის გაძლიერებაზე“, – დასძინა კარელ დე გუხტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button