skip to content
ახალი ამბები

ნათელაშვილი აშშ-ს მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს აკრიტიკებს

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები “მუშაობენ, რათა ტოტალურად გააყალბონ“ 5 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები.


“ყველა ამერიკული ინსტიტუტი საქართველოში – და ასევე საზღვარგარეთ – მათ შორის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – მუშაობს, რათა ტოტალურად გააყალბონ არჩევნები და უზრუნველყონ სააკაშვილის პარტიის გამარჯვება. ჩვენ აღარ შევეგუებით არავის მცდელობებს ჩაერიონ ჩვენს სუვერენულ საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შალვა ნათელაშვილი თავის გამოსვლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს ახსენებს. გასული წლის ივლისში მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა გააკრიტიკა, რომელსაც ნათელაშვილმა “რუხი კარდინალი“ უწოდა. მან მოუწოდა აშშ-ს ხელისუფლებას თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მეთიუ ბრაიზა, რომელიც, ნათელაშვილის თქმით, მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და მხარს უჭერს სააკაშვილის ადმინისტრაციას, რაც საბოლოო ჯამში ძირს უთხრის დემოკრატიის განვითარებას რეგიონში და აშშ-ს და საქართველოს შორის არსებულ კავშირებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button