ახალი ამბები

მმართველი პარტიის ლიდერები მედიას ობიექტურობისკენ მოუწოდებენ

დღეს მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო საშუალებები დაუბალანსებელი პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს და ობიექტურობისაკენ მოუწოდეს ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული მოვლენების გაშუქებისას. 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ ტენდენციური გაშუქების მაგალითად გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “იმედი“ დაასახელა, რომელიც ქვეყანაში “რევოლუციურ განწყობას ქმნის“.


“ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიაში ისმის პირდაპირი მოწოდებები რევოლუციისა და მასობრივი გამოსვლებისაკენ“, – განაცხადა დღევანდელ პრესსკონფერენციაზე გიორგი არველაძემ.

მას მხედველობაში ჰქონდა “იმედის” მიერ სანდრო გირგვლიანი მკვლელობის საქმეზე მოწყობილი საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება.


“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უარყო “რუსთავი 2“–ის ყოფილ წამყვან ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტი. ხოფერიამ ტელეკომპანია იმის გამო დატოვა, რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან “მოთხოვნები და თხოვნები“.


“ეკა ხოფერიასთან მიმართებაში სიტყვა ზეწოლა აბსოლუტურად უადგილოა. ყველა ხედავდა, რომ ეს გადაცემა იყო გაჯერებული ხელისუფლების მიმართ ძალიან მწვავე კრიტიკით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ხოფერიას საავტორო გადაცემა “თავისუფალი თემის“ შესახებ.


მისი თქმით, ზეწოლა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან არის ერთნაირად მიუღებელი. “არ შეიძლება ჟურნალისტები დაკომპლექსდნენ იმის გამო, რომ ვინმე მათ დააბრალებს ხელისუფლების მსახურებას“, – დასძენს ბოკერია.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ასევე მოუწოდა მედია არ მოექცნენ გავლენის ქვეშ და ჟურნალისტების მიერ მოვლენათა გაშუქების სტილი გააკრიტიკა. 


“დღეს ნებისმიერი ახალი ამბავი შუქდება იმის მიხედვით, თუ იქ არის ხელისუფლების ლანძღვა… ამის დასტურია ის, რომ საქართველოს და აშშ–ს პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც გადაწყდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენი ქვეყნის მთლიანობა ჰქვია, იყო მე–7 ან მე–8 ნიუსი. მაინტერესებს ეს სწორია?“, – განაცხადა ნადირაძემ.


მისი თქმით, მედიაზე ზეწოლა ოპოზიციის მხრიდან ხორციელდება.


“დღეს ოპოზიციამ განაცხადა, რომ ის ბოიკოტს უცხადებს ერთ ტელევიზიას [“რუსთავი 2″–ს] მხოლოდ იმიტომ, რომ მას როგორც მოსწონს და ხედავს დღევანდელ რეალობას ისე არ შუქდება. აი ეს არის ზეწოლა“, – დასძენს ნადირაძე.


 

Back to top button